ბიძინა ივანიშვილი: მე მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც

მე მრავალპარტიულობის მომხრე ვიყავი და ვარ დღესაც, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

„მრავალპარტიულობას რაც შეეხება, ამის მომხრე ვიყავი ყოველთვის და ვარ დღესაც, მაგრამ პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებ. არავის არ ვუშლი ხელს, მაგრამ ხელის შეწყობასაც არ ვაპირებ. ვისაც მინდა რომ ხელი შევუწყო, არგუმენტებით ვასაბუთებ. დღეს არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ 3-4 პარტიაზე შემეძლოს პარალელურად საუბარი, მაგრამ რეალობა დღეს ასეთია და ამაში ცუდი არაფერი არ არის. ნუ შფოთავენ ოპონენტები, რომ მათ გარეშე არაფერი არ გაკეთდება. ისე კარგად გაკეთდება, რომ მზე მაღლა იქნება. ისეთ უხეშ პარალელებს ავლებენ უკვე, რომ გასული არიან ზონიდან, მაგრამ პინგ-პონგის თამაშს არ ვაპირებ. კიდევ ვეუბნები საზოგადოებას, რომ მრავალპარტიულობა არის ძალიან კარგი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს და მან 4 წლის განმავლობაში საოცრებები აჩვენა.

„უფსკრულში მივექანებოდით, პატრიარქს მაინც დაუჯერეთ, ჩემი თუ არ გჯერათ. პატრიარქის სიტყვებს გეუბნებით – სულ ცოტაც და ჩვენ გადავიჩეხებოდით. 4 წლის შემდგომ ევროკავშირის ქვეყნებს ვედრებით და ძალიან ხშირად ნახევარს ვუგებთ ძალიან ბევრ საკითხში. ეს გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“. ეს გუნდი, ძირითადი ჯგუფი, ცენტრი შენარჩუნებულია დღეს.
მე ვფიქრობ, საუკეთესო ლიდერი შეარჩიეს დღეს კვირიკაშვილის სახით”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, უნდა მიმართოს საზოგადოებას, რომ არჩევანი ძალიან მწირია.

„იმის გამო, რომ პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, იყოს კოალიციური მთავრობა, თუნდაც ნათელაშვილს შევუძღვეთ, გინდაც „რესპუბლიკელებს“, რომლებმაც ძალიან ცუდი პარტნიორობა აჩვენეს, აგერ მომღერალი მოგვივიდა და ნახეთ, რა ფოკუსებს გვიტარებს პოლიტიკაში, პაატა ბურჭულაძე მყავს მხედველობაში. რახან მრავალპარტიულობის მოსურნეა ივანიშვილი, ამიტომ მოუწოდოს, რომ ესენიც არ არიან ცუდი ბიჭები, ხმა მიეცით და ქვეყანა აყვავდება, სამწუხაროდ, ასე არ არის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო: საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის სამართლიანი, სანდო არჩევნების ჩასატარებლად
შემდეგი სტატია“პირობას გაძლევთ აუცილებლად მოიხდით ბოდიშს, ისევ უკან დახევა მოგიწევთ“- ხიდაშელი ივანიშვილს პასუხობს