ბიძინა ივანიშვილი: ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მიმაჩნია, რომ ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო

ყველაზე დიდ ქველმოქმედებად მიმაჩნია, რომ ფუფუნებაში, ჩრდილში ცხოვრების ნაცვლად, ჩემი გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სამცხე ჯავახეთში, გადაცემაში, “შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ქველმოქმედებას ოპონენტები მაინც აკრიტიკებენ.

„თუმცა, წყევლა-კრულვა და გინება მოდის. ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს – „ნაციონალებისგან“ კრიტიკა გასაგებია, მთელი ქვეყანა საკუთრებად მიაჩნდათ, ერთი კაცის მეთაურობით ყველაფერი მათი იყო. ზოგი ციხეშია, ზოგი ძებნაშია და დანარჩენი ჯგუფი ცდილობს, დაიბრუნოს, რაც მათი იყო. სხვებს რა უნდათ, ყოფილ პარტნიონებზე და სხვებზეც შემიძლია გითხრათ. „თავისუფალი დემოკრატები“ იყვნენ პარტნიორები. თავდაცვის სამინისტროში შევიდა პროკურატურა. როგორც კი ეჭვი გაჩნდა ალასანიას სამეგობროზე, რომელიც მან მიიყვანა თავდაცვის სამინისტროში, რომ შეიძლება 5 მილიონი მოიპარეს ბიუჯეტიდან, არც აციეს, არც აცხელეს და გადავიდნენ, თქვე, “ოცნება” ევროატლანტიკური კურსიდანო. როგორ ვიკადრეთ, რომ ეჭვი ავიღეთ ამ კაცზე. ის პატიმრები, რომლებიც დღეს ციხეში არიან, მერაბიშვილი, ახალაია, უგულავა, როგორც „ნაცონალები” ამბობენ, ჩემი პირადი პატიმრები არიან. იგივე იდეოლოგია გაიმეორეს “თავისუფალმა დემოკრატებმა”, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები არიან ივანიშვილის პირადი პატიმრები“,- განაცხადა ივანიშვილმა წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ, რომ მის მიერ განხორციელებული საქველმოქმედო პროექტები ოპონენტების კრიტიკას იწვევს.

ჟურნალისტმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ივანიშვილის მიერ დაფინანსებული საქველმოქმედო პროექტები ჩამოთვალა. რომელთა შორისაა ოპერისა და ბალეტის თეატრი, „ბლექ სი არენა“ შეკვეთილში, ურეკის თემატური პარკის მოწყობა, ბათუმის მწერალთა სახლისა და ბათუმის თეატრის რეაბილიტაცია, ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებთათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა , რაგბის 11 სტადიონი, თბილისში 13 ივნისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, „ჩექინ ჯორჯიას“ პროექტის დაფინანსება 20 მილიონი ლარით, თბილისსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილი: ხადური ყველაზე არაპოპულარული მინისტრია, მას საჭმელსაც უთვლიდნენ
შემდეგი სტატია“ივანიშვილი ღია პროვოკაციებს აწყობს შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ”