ბიძინა ივანიშვილი – ხელისუფლების შიგნით არსებობს მართალია სუსტი, მაგრამ უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები

ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე გააკეთა, სადაც პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ აირჩიეს.

ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე ისაუბრა და სამი პრობლემა გამოყო: არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე დესტრუქციული მუხტი და ხელისუფლების შიგნით არსებული გაუგებრობები.

„ჩვენ ვდგავართ ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე, რასაც პირობითად სამი მიზეზი განსაზღვრავს და უქმნის ნოყიერ ნიადაგს: პირველი მიზეზია ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; მეორე – ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ბოლოს, მესამე – ხელისუფლების შიგნით არსებული, მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია – დავამარცხეთ და დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განმარტებით, ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავიდა აქტიური პოლიტიკიდან, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო.

„ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა, ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, ახლა საზოგადოება მკაფიო პასუხს ელის კითხვაზე – რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში დაბრუნება.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება არც ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, არც თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიუღია.

„ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველო, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა
შემდეგი სტატია“ქართულ ბაზარზე წამლების სიძვირე ძირითადად ქართველი დისტრიბუტორების მაღალი მარჟებითაა განპირობებული”