ბიძინა ივანიშვილი: იმისთვის არ მოვსულვართ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა

“უშიშროება რომ კარნახობს გამგებელს, ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელს კადრების დანიშვნას, მიუღებელია“,-ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც ზესტაფონში საჯარო სამსახურში კადრებს უშიშროების სამსახური ნიშნავს.
“ის, რომ ყველა კადრი უშიშროების დანიშნულია, საიდან იცით თქვენ? ცოტა გადაჭარბებული მგონია, მე თქვენ დიდ პატივს გცემთ, მაგრამ საიდან უნდა იცოდეთ, რომ ერთი კაცი ნიშნავს ყველა კადრს. ეჭვებს ბადებს ის, რომ ყველა კადრი მისი დანიშნულია, თუმცა კვამლი არაა ტყუილად. რაღაც ხდება იქ და არაა სასიამოვნო. თუ ეს ასე ხდება, სირცხვილია, პირველი ჩემი პასუხი ეს იქნება. რთული მოსასმენია. მესმის საზოგადოების და თქვენი. ადმინისტრაციის კაბინეტებში თუ შედიან ეს მიუღებელია, ამისთვის არ მოვსულვართ ჩვენ, რომ უშიშროებამ მართოს ქვეყანა, თუ ეს მართალია”,- აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური მოწესრიგებული ადამიანია და ცდილობს სწორად მართოს უწყება.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა უწყებებში ძველი კადრების დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, სავარაუდოდ ეს განპირობებულია იმით, რომ პროფესიონალიზმი ახალ კადრებს არ ეყოთ.

„შესაძლებელია, ძველი კადრები იმიტომ დაბრუნდნენ, რომ პროფესიონალიზმი არ ეყოთ ახალ კადრებს. ასეა შსს -შიც და პროკურატურაშიც. ბევრი პროფესიონალი ახალი კადრი არ გვყავს. ნუ იქნება ტრაგიკული, თუ ადამიანს კანონი არ დაურღვევია თავის დროზე, ხაზგამყოფად ნუღარ ჩავთვლით თუ მაშინაც მუშაობდა და დღესაც სჭირდება სახელმწიფოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„თავისუფალ დემოკრატებზეც“ და „რესპუბლიკელებზეც“ ბევრი კრიტიკული გამონათქვამი მომიწია, რადგან ახლობელს უფრო მეტი უნდა ვუთხრა პირში”
შემდეგი სტატიაწალენჯიხის ზღვაიას დასახლებაში ენმ-ის მაჟორიტარ კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ წყლის მილი ჩაჭრეს