ბიძინა ივანიშვილი: იმაზე ნუ ვუსაყვედურებთ ზოგ ბიზნესმენს, რომ თავი არ დაარბევინა სააკაშვილის რეჟიმს

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2016 14:18

ბიძინა ივანიშვილი: იმაზე ნუ ვუსაყვედურებთ ზოგ ბიზნესმენს, რომ თავი არ დაარბევინა სააკაშვილის რეჟიმს

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვლმა სამეგრელოში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ცეზარ ჩოჩელი და კახა ოქრიაშვილი არც სააკაშვილს და არც ამჟამინდელ მთავრობას არ შეუქმნია, ისინი ძალიან წარმატებული და ნიჭიერი ადამიანები არიან.

„ეს ხალხი არც სააკაშვილს შეუქმნია და არც ჩვენ არ შეგვიქმნია. ესენი არიან წარმატებული ადამიანები. ოქრიაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი, ძალიან განათლებული, ძალიან ნიჭიერი. რამდენჯერმე შევხვედრივარ, პოლიტიკაზე რჩევები მიმიღია, ძალიან საინტერესო. ასევე ჩოჩელი, ძალიან საინტერესო ბიზნესმენია. ბევრი შემიძლია გავიხსენო. ეს ხალხი არის ის წარმატებული ხალხი, ვინც მოახერხა და საკუთარი თავით შექმნა წარმატებები და არა პარტიის დახმარებით, განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც დღესაც ვერ ახერხებენ სწორი სწორება აირჩიონ.

ივანიშვილის თქმით, როგორც კი აღნიშნულ ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ „მოძალადე“ ხელისუფლებისთვის უარი ეთქვათ, სწორ მხარეს გადმოვიდნენ.

“აბა წარმოიდგინეთ ბიზნესმენები, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს სააკაშვილს, სად არიან დღეს? ზოგი დაარბიეს, ზოგი გადაწვეს, ზოგიც ციხეში შეიყვანეს. ამ ხალხს გონება ეყო და ამ გაუაზრებელ ძალას წინ არ დაუდგნენ. მაგრამ სააკაშვილით არ შეუქმნია ბიზნესი ოქრიაშვილს. ბუკიას გავიხსენებ თუ გინდათ, რომელმაც უარი თქვა მაჟორიტარობაზე, მეტ ბიზნეს მივაქცევ ყურადდღებას და ჯობია ახალგაზრდები მოვიდნენ მაჟორიტარობაზეო. ეს არის ხალხი, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს საკუთარი ნიჭიერებით და როგორც კი მიეცათ საშუალება, სწორი სწორება გააკეთეს, სწორი პოზიცია დაიჭირეს. იმდენი ჭკუა ეყოთ რომ არც თავი მოაკვლევინეს, არც დააჭერინეს, არც დაარბევინეს, ამაზე ნუ ვუსაყვედურებთ“,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2016 14:18