ბიძინა ივანიშვილი – ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა

ხელშესახები პროგრესი გვაქვს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირების კუთხით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც მან პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რადიკალური გარდატეხა იქნა მიღწეული პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე წარმატებით დასრულდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი.

„წარმატებით დავასრულეთ საკონსტიტუციო რეფორმის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე პროცესი და იმ კონსტიტუციის ნაცვლად, რომელიც ფორმალურად ამართლებდა ერთი ადამიანის მარადიულ მმართველობას, მივიღეთ ხალხის მმართველობაზე ორიენტირებული ევროპული სტანდარტის ძირითადი კანონი. ეს კონსტიტუცია საქართველოს შეუქცევადი დემოკრატიული პროგრესის საყრდენი და წინაპირობაა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს.

„თვალშისაცემია წინსვლა საგარეო მიმართულებით. არასოდეს საქართველო ისე დაახლოებული არ ყოფილა ევროპასთან და ნატო-სთან, როგორც ამჟამად. ჩვენ ერთიანი ევროპული ოჯახის ასოცირებული წევრები ვართ და ეს ფაქტი უკვე იურიდიულადაც დადასტურებულია. ამოქმედებულია ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომლითაც უამრავმა ადამიანმა ისარგებლა. საგრძნობლად განმტკიცდა და გაღრმავდა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირესთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რაც შეეხება რუსეთს, მისი შეფასებით, საქართველომ ნაწილობრივ უკვე მოახერხა რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია.

„ჩვენ ნაწილობრივ უკვე მოვახერხეთ რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, შესაძლებელი გახდება ურთიერთმოსმენისა და დიალოგის რეჟიმზე გადასვლა, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, მსოფლიოში არსებული გლობალური გამოწვევების პირობებში, საქართველო სახელმწიფომ შეძლო მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.

„უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ცვალებად, არაპროგნოზირებად, ტერორიზმისა და გლობალური სამხედრო კონფლიქტის საშიშროების წინაშე მდგარი მსოფლიოს პირობებში, როცა არნახულად მაღალია გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების დაპირისპირების ხარისხი, ჩვენ შევძელით საქართველოს მოქალაქეებისთვის უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა. ჩვენ შევძელით სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან აღნიშნული განცხადებები „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე გააკეთა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

banner
წინა სტატიაშიდიახ, მომიწია იმ თანამიმდევრობის დარღვევა, რომლის შესახებაც პოლიტიკაში შემოსვლისთანავე განვაცხადე
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – ხელისუფლების შიგნით არსებობს მართალია სუსტი, მაგრამ უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები