ბიძინა ივანიშვილი – ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა

ეკა ბესელია გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ წავიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასა და მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს გაავრცელა.

როგორც ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების გადაწყვეტილება ზაფხულში იყო მიღებული.

მისივე თქმით, გაუგებარი იყო ეკა ბესელიას განცხადება, როდესაც მან 27 დეკემბერს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა.

„მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული.

აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე – ეს იყო გუნდურობის დეფიციტი.

ამ კონტექსტში, სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში, სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ეკა ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო – რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერი განცხადებაში აღნიშნავს, გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

banner
წინა სტატიაში,,დარწმუნებული ვარ, მოსამართლეების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობას”
შემდეგი სტატია,,გადაწყვეტილება ეკა ბესელიას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული”