ბიძინა ივანიშვილი – დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ

ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არჩევნების მეორე ტური შედგება, რისი მცირე ალბათობაც არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს“.

„ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, დიდი ალბათობით, მაგრამ არა აუცილებლობით, თუ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზება იქნება, სალომე ზურაბიშვილი პირველსავე ტურში აიღებს საჭირო ხმებს, რაც მას გამარჯვებას მოუტანს. მაგრამ ყველაზე პესიმისტური გათვლებითაც კი, მეორე ტურს იგებს სალომე ზურაბიშვილი. თუკი შედგა მეორე ტური და ამის მცირე ალბათობა არსებობს, თითქმის ერთნაირი შანსი აქვს „ნაციონალური მოძრაობის“ ორ წარმომადგენელს. ერთი ქულაა მგონი სხვაობა ბაქრაძეს და ვაშაძეს შორის, ხოლო 1%-იანი სხვაობა არჩევნებში შეიძლება სხვანაირად გამომჟღავნდეს. თუ იქნება მეორე ტური, ასეთ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ რომელიმე წევრი მიიღებს მონაწილეობას. ეჭვი არ არის, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს ქალბატონი სალომე. დავაცხროთ ემოციები და ეს არჩევნები პირველსავე ტურში დავამთავროთ. ვთხოვ კიდევ ერთხელ მაქსიმალურ მობილიზებას „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, გადადონ გვერდზე ის კითხვის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. მივმართავ ასევე ჩვენს ყოფილ მხარდამჭერებს, გვერდზე გადავდოთ ყველაფერი, გავერთიანდეთ, სწრაფად დავამთავრობთ არჩევნები და სწრაფად შევუდგეთ აღმშენებლობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილის შვილი – დრო მოვიდა, რომ დაგითმოთ ძვირფასი დედა – პირობას გაძლევთ, დაგიცავთ ყველას
შემდეგი სტატია„ამ საპრეზიდენტო კამპანიას ჩვენ პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, სუსტი კაცები ძლიერი ქალის წინააღმდეგ“