ბოკუჩავა: ბიძინა ივანიშვილი და რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობის განადგურებას, მის საპირისპირო ინტერპრეტაციას

“ჩემთვის უმთავრეს პრიორიტეტს განათლება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება წარმოადგენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს დასავლური უმაღლესი განათლების მიღება ადგილზე შეეძლოთ.” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმდჯომარემ, თინა ბოკუჩავამ ახალგაზრდული ფორუმი 2024-ზე სიტყვით გამოსვლისას

“ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ შევქმნათ რეალობა, სადაც ახალგაზრდებს ქვეყნიდან წასვლა კი არ სურთ, არამედ აქვე, საქართველოში აქვთ მაღალი დონის განათლების მიღების შესაძლებლობა, აქ აქვთ საკუთარი ნიჭის და უნარის გამოვლენის ყველა შანსი!

ბავშვობიდან მინდოდა საუკეთესო განათლებამიმეღო, მესწავლა მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებში და მიღებული ცოდნით შემექმნა წარმატებული კარიერა.

სამწუხაროდ, ჩემი ბავშვობის წლები იმ უმძიმეს პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში პირდაპირი მნიშვნელობით წყვდიადი იდგა.იმის გამო, რომ მე დავრჩი საკუთარი ოცნებების ერთგული, არ შევწყვიტე თავდაუზოგავი შრომა, 1997 წელს წავედი ამერიკაში, სადაც მივიღე საუკეთესო ხარისხის განათლება. ჩემი ოცნება ახდა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ის გზა, რომლის გავლაც ახალგაზრდებს დღესაც უწევთ. ეს ადგილზე უნდა იყოს შესაძლებელი.

მე კარგად მახსოვს 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“, 20 წლის ვიყავი 23 ნოემბერი, რომელსაც ამერიკაში, ჩემი უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ვუყურებდი. ეს იყო დიდი გარღვევის დასაწყისი.

ბიძინა ივანიშვილი და რუსული პროპაგანდა მუდმივად ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობის განადგურებას, მის საპირისპირო ინტერპრეტაციას.

მაგრამ, თუკი რამეა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაწერილი არის ის რეფორმები, რომლებმაც სახელმწიფოში, განათლების სისტემაში დაამარცხეს კორუფცია! დაინერგა მერიტოკრატიული პრინციპი, ანუ ღირსებითა და დამსახურებით დაწინაურების პრინციპი, რომელმაც ახალგაზრდებს საშუალება მისცა საკუთარი ცოდნითა და შრომით მოიპოვონ ის, რასაც იმსახურებენ. ეს იყო პერიოდი, როდესაც სახელმწიფოში დაბრუნდა პერსპექტივის განცდა, როდესაც ქართველმა ახალგაზრდებმა ირწმუნეს თავისი შესაძლებლობების. დაიწყო დასავლური საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვა – ეროვნული გამოცდების შემოღება ქართულ განათლების სისტემაში შეტანილი არსებითი გარღვევა იყო. დღეს აღარავის უკვირს, რომ უნივერსიტეტში ცოდნით აბარებს და არა როგორც ადრე, ჩაწყობითა და ნეპოტიზმით.

სხვათა შორის, სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ეროვნული გამოცდები და მე მინდა თითოეულ აბიტურიენტს კიდევ ერთხელ ვუსურვო წარმატება!

ჩვენ ისევ გვჭირდება ძლიერი რეფორმისტული ტალღა, რომლის სულისჩამდგმელებიცა და განმახორციელებლებიც თქვენ უნდა იყოთ. ჩემი მიზანია ამაში ყველანაირად შეგიწყოთ ხელი.

ჩემთვის უმთავრეს პრიორიტეტს განათლება და განათლების სისტემის ძირეული რეფორმირება წარმოადგენს. ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს დასავლური უმაღლესი განათლების მიღება ადგილზე შეეძლოთ. ამისთვის სახელმწიფო მაქსიმალურად წაახალისებს ქართულ უნივერსიტეტებს დასავლური საგანმანათლებლო პროგრამების წახალისების საკითხებში. აღვადგენთ ბათუმის ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტს და ამასთავე, საქართველოში შემოვიყვანთ არაერთ წამყვან დასავლურ უნივერსიტეტს. საქართველო სრულფასოვან კონკურენციას უნდა უწევდეს ევროპულ ქვეყნებს.

ე.წ. brain drain ტვინების გადინება საქართველოდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს! ამისთვის აუცილებელია სტუდენტებისა და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა.” – განაცხა თინა ბოკუჩავამ

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი ოცნებაზე: საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას
შემდეგი სტატიაბოკუჩავა: ვერ დაამარცხებენ ილია ჭავჭავაძის, მარო მაყაშვილის, მერაბ კოსტავას, გიორგი ანწუხელიძის იდეას