ბიძინა ივანიშვილი: 9 დღის შემდეგ მთავრდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი

არჩევნების შემდგომ ჩვენ მივიღებთ იმას, რასაც 2012 წელს ხალხი ელოდებოდა-დაბალანსებულ ქვეყანას, სადაც “ნაციონალები“ იძულებულები იქნებიან კანონს დაემორჩილონ.- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში, გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.

“კანონის უზენაესობა უნდა აღიარონ და დაემორჩილონ. ეს მოხდება არჩევნების შემდგომ, მათ ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვთ, ერთმანეთს ამ არჩევნებით ამაგრებდნენ. მათ ვერაფერი სერიოზული ვერ გააფუჭეს. კოჰაბიტაციას რაც შეეხება, არ იფიქროთ, რომ ჩვენს თანამოქალაქეებზე უარი უნდა ვთქვათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდიკა არსებობს, კაცის მკვლელებიც საზოგადოების წევრები გახდეს. „ნაცები“ საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, ჩვენ ისინი უნდა გავდევნოთ, ჩავქოლოთ, ან რაღაცა უნდა დავმართოთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მათ ნორმალური თანაცხოვრება შეძლონ. 9 დღეც მოითმინეთ და ნახეთ, როგორ ჩადგება ქარიშხალი. ამით დასრულდება ძალიან მაღალი დონის, ევროპული არჩევნებით ასევე ჩავა ბოლომდე, მათ სიტუაციის არევის თავი არ აქვთ, თორემ სიამოვნებით გააფუჭებდნენ. შეეცდებოდნენ, რომ ეს არჩევნები არ ჩაგვთვლოდა დემოკრატიულ არჩევნებად, ამაზე მეტიც უნდათ, მაგრამ რესურსი არ აქვთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ იფიქრა, რომ 2012 წელს ომს მოვიგებთ და დავისვენებთო.

„ვერ დაისვენა საზოგადოებამ, 4 წელი ემოციებზეა საზოგადოება, რადგან ხედავენ მათ თავხედურ გამონათქვამებს, თავხედურ პოზიციებს. ომი ახლა სრულდება. ამ ტერმინს სიმბოლურად ვიყენებ. 2012 წელს ჩვენ ბრძოლა მოვიგეთ, 9 დღის შემდეგ სრულდება ომი, დასრულდება ყვარყვარიზმი. ისევ არიან ყვარყვარეები და ცდილობენ უკან შემობრუნებას. კვაჭი და ყვარყვარე ძმები იყვნენ. ცხრა დღის შემდეგ სრულდება პროცესი. საზოგადოებასთან დავიფიცებ, ვიცოდი რომ ეს იქნებოდა დაახლოებით ასეთი 4 წელი. ხალხს გადაჭარბებული მოლოდინი ჰქონდა ეკონომიკის და სამართლიანობის აღდგენის ნაწილში, თეორიულად ეს შეუძლებელი იყო. სააკაშვილს ვუთხარი, გამოდი, გადადექი, ბოდიში მოიხადე და გაპატიებს ქართველი ხალხი. სად ჰქონდა მაგის კაცობა მაგას, მშიშარაა, იმ წუთში მუხლები მოეკვეთა. თავს ვერ წევდა ზემოთ, როცა შევხვდი პრეზიდენტის სასახლეში პირველად“,-განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაერომ დევნილთა და განსახლების სამინისტროს 810 ათას დოლარიანი გრანტი გადასცა
შემდეგი სტატია“ეტყობა გაუჭირდათ და ისესხეს” – ივანიშვილი „ქართული ოცნების“ მიერ „ქართუ ბანკისგან“ მილიონის სესხების ფაქტზე