ბიძინა ივანიშვილი – 12 წელი დაგვჭირდა, რომ 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა, დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა შიდა ქართლში გამართულ ღონისძიებაზე თავის სიტყვით გამოსვლაში 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე ისაუბრა და 2012 წლის გამოსვლიდან საკუთარი სიტყვები გაიხსენა.

მისი თქმით, სწორედ 12 წელი დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გაერკვიათ ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიეცათ.

მისივე განცხადებით, ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო.

„2012 წელს, როდესაც თქვენთან ერთად ვემზადებოდი კრიმინალური რეჟიმისგან საქართველოს გასათავისუფლებლად, თქვენ წინაშე, ამ ქალაქში ვრცლად ვისაუბრე სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მიერ პროვოცირებული ომის შესახებ და მინდა, ჩემი 12 წლის წინანდელი გამოსვლიდან მცირე ამონარიდი გავიხსენო. 2012 წლის 15 ივლისს მე გითხარით შემდეგი: „გულით თუ გვინდა, რომ ამ ჭრილობამ, ბოლოს და ბოლოს, პირი შეიკრას, ჯერ ჩვენ შევკრათ პირი დღეს აქ. ჩვენ ერთად მოვნახავთ ძალას და შევძლებთ პატიებას. ჩვენ შევძლებთ არამარტო პატიებას, ჩვენ ჩვენი ბრალის აღიარების და მონანიების ძალაც შეგვწევს. ჩვენ ქართველ დედებს კიდევ ერთხელ მოვუხდით ბოდიშს, ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ხალხი ვართ, ჩვენ სამძიმარს ვეტყვით ოს დედებს, დავეხმარებით მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩავატარებთ სამართლიან გამოძიებას, გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც ჯერ კიდევ შესაძლებელია. მომავალშიც, ჩვენ მხოლოდ გზას დავულოცავთ ქართულ-ოსურ ოჯახს, რომელიც ყოველთვის ბუნებრივი და ჩვეულებრივი ამბავი იყო აქ, ამ მხარეში. ჩვენ, ქართველებმა და ოსებმა, ერთად უნდა შევძლოთ ურთიერთობის აღდგენა, რადგან ამდენი რამ გვაკავშირებს და გვაახლოებს ერთმანეთთან. ჩვენ გამოვნახავთ მისადგომს ჩვენს დებთან და ძმებთან, ოსებთან. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ მათთან ურთიერთობას“.

თქვენ წინაშე ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ 12 წელი გავიდა. სწორედ ეს დრო დაგვჭირდა იმისათვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, საფუძვლიანად გამოგვერკვია ყველაფერი და 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა. დღეს უკვე ხმამაღლა, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, რამეთუ ხელთ გვაქვს მათ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის უამრავი მტკიცებულება. ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი იყო გარედან კარგად დაგეგმილი პროვოკაცია ქართველი და ოსი ხალხის წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ერთიანობის გახლეჩა, ურთიერთობების განადგურება და დაუსრულებელი, ხელოვნური დაპირისპირების პირობებში არსებობა იყო. არსებობა და არა თანაცხოვრება, რადგან ჩვენი ქვეყნის მტრებმა მიზნად სწორედ ამ მოცემულობის შექმნა დაისახეს, რაც, სამწუხაროდ, წარმატებით შეასრულა პასპორტით ქართველმა, საზრისით და სულით კი უსამშობლო აგენტურამ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – განცხადებები, რასაც დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საქართველოსთვის 14 მილიარდის გადაცემა არის ბლეფი და სისულელე