ბიძინა ბარათაშვილი: ვითხოვდით დაკარგულ შემოსავლებს, სარეკლამოს, მაგრამ ეს შემოსავლები გაქრა

“ტელე-იმედის“ ყოფილი დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი ტელეკომპანიის საქმინობაში ჯოზებ ქეის ჩართვასა და არხის ხელმძღვანელად გიორგი არველაძის მოსვლის შესახებ სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში საუბრობს.

როგორც ბარათაშვილმა აღნიშნა, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მარტის თვეში მას ჯოზეფ ქეი დაუკავშირდა.

„ჯოზეფ ქეისთან ურთიერთობა ისედაც მქონდა, რადგან ის არის ბადრის დეიდაშვილი. შესაბამისად ის საწყისი ეტაპიდან მონაწილეობდა „იმედის“ არა მართვაში, არამედ ცხოვრებაში. იყო პერიოდი, როდესაც ის გვირიცხავდა რაღაცა თანხებს თავისი კომპანიებიდან, როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციები იქმნებოდა, ის მონაწილეობდა აპარატურის შერჩევაში, საწყის ეტაპზე და ა.შ. გასაკვრი მისი გამოჩენა ჩემთვის არ იყო. გამოჩნდა და თქვა, რომ უნდა შეხვედრა ჩემთან და ლუის რობერტსონთან, იურისტთან ერთად. ჩვენ ამ დროისათვის ვიცოდით, რომ რაღაც ინტერესები „იმედის“ მართვასთან მიმართებაში ჰქონდა ჯოზეფს. მე ოთარ შამათვასთან ერთად მივედი ქალბატონ ინასთან კონსულტაციაზე და ვკითხეთ, რა უნდა ვქნათ და ასევე ჩვენ ვართ შუამავლები რეალურ მფლობელს და კოლექტივს შორის. მან თქვა, რომ აპირებს სამართლებრივი დავის გაგრძელებას, რადგან ჯოზეფს უკვე ჰქონდა მათთან განცხადება, ანუ ნაჩვენები, რომლის მიხედვითაც ის იყო კომპანიის მფლობელი. გვითხრა, წადით და უთხარით თქვენ თანამშრომლებს, რომ გააგრძელონ მუშაობა, მთავარია ამ ეტაპზე შენარჩუნდეს ტელევიზია, როგორც აქტივი და ამასობაში მე მოვიგებ სასამართლო დავებს და ყველაფერი ჩადგება კალაპოტში. მე მაინც ვთხოვე, მოსულიყო და ეთქვა ეს თვავად კოლექტივისთვის. 21 მარტს ის მოვიდა და უთხრა თანამშრომლებს იგივე. ამის შემდეგ ხალხი დარჩა სამუშაოდ და ჩვენ შვევხვდით ჯოზეფს, რომელმაც გაწყვიტა ურთიერთბა „ნიუსკორპთან“, შეცვალა ფინანსური დირექტორი და იურიდიული სამსახურის უფროსი. მოიყვანა თავისი კადრები, ეთერში ჩვენ მალევე არ დავრუნებულვართ“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ეთერში ომის შემდეგ ერთი თოქ-შოუთი გავიდა, წამყვანები უკვე წასული იყვნენ არხიდან.

„თარგამაძის პოზიციაზე მოიყვანეს ალეკო ფარულავა. ფარულავამ მოიყვანა საინფორმაციო სამსახურის უფროსად მანანა მანჯგალაძე. მანანა ჩვენი ყოფილი ჟურნალისტი იყო, რომელიც წავიდა ჩვენგან, ამიტომ მისი მოსვლა კოლექტივისთვის ბუნებრივი იქნებოდა. მერე მანანა შეიცვალა და მისი ადგილი დაიკავა ნანა ინწკირველმა. რაც შეეხება თოქ-შოუს, ის აღდგა უკვე დეკემბერში, ოღონდ არა იმ მასშტაბებით, რომელიც ადრე იყო. ეგ იყო და ეგ. მანანა ჩვენგან წავიდა „რუსთავი 2“ –ში და მოვიდა ჩვენთან. ალეკო ჩვენთან არ ყოფილა. ალეკო იყო „მზეში“. მოიყვანა ნაწილი ჟურნალისტებისა, რომლებიც თავის დროზე „იმედიდან“ წავიდნენ „მზეში“ და შესაბამისად უკან მოიყვანა ისინი, ამაში გასკვირი არაფერია, რადგან რკინეულობის მაღაზიიდან ვერ მოიყვანდა ჟურნალისტებს“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.

ბიძინა ბარათაშვილი გიორგი არველაძის არხში მისვლის პერიოდსაც იხსენებს და აცხადებს, რომ მასთან დიდხანს არ უმუშავია.

„არველაძის მოსვლასთან დაკავშრებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი მოსვლა და ჩემი წასვლა ერთმანეთს დამეთხვა. დიდად სასიხარული მისი მოსვლა ჩემთვის არ იყო. რაც შეეხება გიორგი ისაკაძეს, ის ბადრის დროს იყო მისი ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ჩვენ მას კარგად ვიცნობდით, ის მუშაობდა ჯოზეფთან. ჯოზეფი ჩართული იყო ამ პროცესებში. ბადრის ამ იმპერიაში მას ჰქონდა თავის ადგილი. ჯოზეფი არ იცნობდა ჟურნალისტებს, მათთან არ ჰქონდა კავშირი, რადგან ის არ ცხოვრობდა საქართველოში, ჭირდებოდა ადამიანი, რომელიც ცივილიზებულ ურთიერთობებს დაამყარებდა ჟურნალისტებთან და ამ მიზნით, ჯერ როგორც შუამავალი, ყოველგვარი რეალური თანამდებობის გარეშე, ხოლო შემდეგ ახალდ აშექმნილი ორგანიზაცია, მემგონი „ჯი ემ ჯი“ იმის უფროსი იყო. ამან ჩაანაცვლა ჰოლდინგი“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი არველაძეს არ უნდოდა მასთან მუშაობა და ამისთვის გამოიგონა რაღაც საბჭო, რომელიც არასდროს შეკრებილა.

„გამოიგონა რაღაცა არარსებული საბჭო, რომელიც მე და მან ვიცოდით მხოლოდ, რომელიც არასოდეს არ შეკრებილა და ისევე გაქრა, როგორც შეიქმნა. შესაბამისად მეც გავქრი მასთან ერთად“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, „იმედთან“ დაკავშირებით მოლაპარაკებები იმართებოდა ჯერ კიდევ 2008 წლის გაზაფხულზე.

„მოლაპარაკებებში ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც შემდეგ ჯოზეფმა შეცვალა. ფინანსური დირექტორი ქეთი უფლისაშვილი და ირაკლი შარაბიძე, ესენი მან შეცვალა მერე. ეს მოლაპარაკებები მიმდინარეობდა იუსტიციის სამინისტროში, ნიკა გვარამიას მინისტრობის დროს. მაშინ გვქონდა პრეტენზია უფრო მეტ თანხაზე, რადგან ვითხოვდით დაკარგულ შემოსავლებს, სარეკლამოს, მაგრამ ეს შემოსავლები გაქრა“, – განაცხადა ბარათაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა-პროკურატურის განცხადება
შემდეგი სტატიაგიორგი გუგავა: კომპანია “დირსმა” მშენებლობაზე დასაქმებული 200-მდე მუშა მოატყუა და გადააგდო