ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაშია, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ – ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.
“ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით. აბა ჰე,” – განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.