„ბიბისი“ – მარიუპოლში, „აზოვსტალზე“ შტურმი დაიწყო, შესაძლოა, იქ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ

„ბიბისის“ ინფორმაციით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაზე შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა.

„ნაწილობრივმა შეტევითმა ჯგუფებმა, რომლებიც სპეციალურად შეირჩნენ ამ ობიექტზე თავდასხმისთვის, უკვე დაიწყეს საკუთარი საქმის კეთება. ამაში კარგად გვეხმარება რუსული ავიაცია და არტილერია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში უკრაინელი ხალხის ეს ფსევდოდამცველები დანებდებიან, ხალხი მშვიდად ამოისუნთქებს და მარიუპოლის მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესახებ აღარასოდეს გავიგებთ“, – რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა ედუარდ ბასურინმა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციის წარმომადგენელმა.

ამასთან, ბასურინმა ყალბი უწოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

„ბიბისის“ ცნობით, „აზოვსტალს“ ამ დრომდე უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ, კერძოდ 36-ე საზღვაო ბრიგადა და აზოვის პოლკი. ორშაბათს მარიუპოლის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, მიხეილ ვერშინინმა „სიენენს“ განუცხადა, რომ დაახლოებით 1 000 ადამიანი აფარებდა თავს „აზოვსტალის“ ტერიტორიას. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რუსეთის ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მარიუპოლიდან ბერდიანსკამდე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოთხოვნით მიმართა, თუმცა სამშაბათს, დილით მან განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნა.

„ბიბისი“ ასევე აღნიშნავს, რომ ომის გამო ვერ ხერხდება საომარ მდგომარეობაში მყოფი მხარეების განცხადებების ნამდვილობის სწრაფად გადამოწმება.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის საგარეო უწყება – საერთაშორისო არასტაბილურობის მიუხედავად, ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიულ კოორდინაციას გააძლიერებს
შემდეგი სტატიაუკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროში აცხადებენ, რომ ქალაქ ირპენში 13 სამარხი აღმოაჩინეს