10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

„ბიბისი“: კუბაში დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს

„ბიბისის“ ინფორმაციით, ქვეყანაში საკვების მკვეთრად გაძვირებისა და ელექტროენერგიის გათიშვის წინააღმდეგ გამართული აქციის შემდეგ დემონსტრანტებმა კომუნისტური პარტიის ოფისი დაარბიეს.

კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 14 მარტს ღამით ქალაქ მორონში აქტივისტების მცირე ჯგუფმა დააზიანა პარტიის ოფისი, შედეგად ხუთი ადამიანი დააკავეს.

„ბიბისის“ ცნობით, კუბაში მოქალაქეების უკმაყოფილება უკავშირდება ქვეყანაში არსებულ ენერგეტიკულ და ეკონომიკურ კრიზისს. ხშირია ელექტროენერგიის გათიშვა, სახეზეა საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტი.

კუბის ხელისუფლება კრიზისს აშშ-ის მიერ დაწესებულ ნავთობის ბლოკადას უკავშირებს.

კუბის პრეზიდენტის, მიგელ დიაზ-კანელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრანტების მოთხოვნები და პრეტენზიები „ლეგიტიმურია“, ხელისუფლება არ დაუშვებს „ძალადობასა და ვანდალიზმს, რომელიც მოქალაქეთა სიმშვიდეს საფრთხეს უქმნის“.

მან სოციალურ ქსელ „იქსში“ დაწერა, რომ ხანგრძლივმა ელექტროენერგიის გათიშვამ მოსახლეობაში გამოიწვია „მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები“. მისი თქმით, ამის მიზეზი აშშ-ის ბლოკადაა, რომელიც ბოლო თვეებში განსაკუთრებით გამკაცრდა.

აქციები კუბაში იმ დროს გაიმართა, როდესაც მთავრობამ აშშ-თან მოლაპარაკებები დაიწყო.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ღიად დაადასტურა კუბაში ხელისუფლების შეცვლის სურვილი. მან თქვა, რომ ქვეყანა „სერიოზულ კრიზისშია“.

„ბიბისის“ ცნობით, აშშ-ის მიერ ვენესუელაში ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, ვაშინგტონმა დაბლოკა ვენესუელური ნავთობის მიწოდება კუბისთვის, რაც კუნძულის ენერგომოხმარების დაახლოებით ნახევარს უზრუნველყოფდა. ასევე ტრამპი დაემუქრა ტარიფებით ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც კუბას ნავთობს მიჰყიდის.

banner
წინა სტატიაშიისრაელში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ირანიდან სარაკეტო დარტყმების ხუთი ტალღა მოიგერიეს
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებს ურჩევს, დაუყოვნებლივ დატოვონ ერაყი