„ბიბისი“ – გიორგი გახარიამ სავარაუდოდ გააცნობიერა მთავარი პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრებასთან დაკავშირებული რისკები

„ბიბისი“ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას ეხმაურება. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი რაიჰან დემიტრე წერს, რომ პრემიერ-მინისტრისგან განსაცვიფრებელია გადადგომა პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაკავების გაპროტესტების გამო, მაგრამ „სავარაუდოდ გახარიამ გააცნობიერა მთავარი პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრებასთან დაკავშირებული რისკები“.

„ამ ნაბიჯით გახარია უპირისპირდება „ქართული ოცნების“ იმ წევრებს, რომლებსაც უფრო ხისტი მიდგომა ახასიათებთ. მათ სურთ, ნიკა მელიას დასჯა კანონის უპატივცემლობისთვის“,- წერს სტატიის ავტორი.

ამავე დროს, „ბიბისი“ წერს, რომ ეს გადაწყვეტილება გახარიამ სარისკო დროს მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების წინაშე დგას.

„ქვეყნის ოპოზიციური პარტიები ოქტომბრის შემდეგ უარს ამბობენ პარლამეტში შესვლაზე და აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ამომრჩეველი ელოდებოდა, რომ არჩევნები პირველად საქართველოს ისტორიაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებით დასრულდებოდა. ნაცვლად ამისა, ოპოზიციის ბოიკოტის გამო, საქართველო ფაქტობრივად არის ერთპარტიული ქვეყანა“,- წერს „ბიბისი“.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგზე დღეს გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, იმოქმედონ მაქსიმალური თავშეკავებით