„ბიბისი“ – ბორის ჯონსონი პარტიის ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს

ბორის ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტს დღეს დატოვებს, თუმცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას შემოდგომამდე შეინარჩუნებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის პრესმდივანმა განაცხადა.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი განცხადებას დღეს გააკეთებს.

ამასთან, „დაუნინგ სთრითის“ ინფორმაციით, ბორის ჯონსონი უკვე ესაუბრა კონსერვატიული კომიტეტის თავმჯდომარეს, გრემ ბრედის და თავისი გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

„პრემიერ-მინისტრი ესაუბრა გრემ ბრედის და დათანხმდა, დროულად დატოვოს თანამდებობა, რათა ახალი ლიდერი დაინიშნოს კონფერენციაზე ოქტომბერში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მინისტრებისა და რამდენიმე თანამდებობის პირის გადადგომა, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს ჯონსონის მთავრობაში მუშაობაზე. პროტესტი კი უკავშირდება სექსუალურ სკანდალს, რომლის გამოც ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა.

საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა, თუმცა, როგორც მედია წერს, აღმოჩნდა, რომ პინჩერის წინააღმდეგ საჩივარი 3 წლით ადრეც არსებობდა, რომლის შესახებაც ბორის ჯინსონი საქმის კურსში იყო და ამის მიუხედავად, ის მაღალ თანამდებობაზე დანიშნა. ბორის ჯონსონის განცხადებით, ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს – განადგურდა სკოლა-ინტერნატი და ლოკოკინების ფერმა
შემდეგი სტატიათურქეთის ხელისუფლების მიერ რუსული გემის გათავისუფლების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს