ბიბილოვის მიერ მძევლად აყვანილი ახალგორელები უწამლობით იხოცებიან

დღეს, 13 იანვარს 131 დღე შესრულდა, რაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მეთაურმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორი სრულ იზოლაციაში მოაქცია.  თბილისიდან 40 კილომეტრში ოკუპანტების და მათი საძმოს მიერ მძევლად აყვანილი ადამიანები სათანადო მკურნალობის უქონლობის გამო იხოცებიან. ამ 131 დღის განმავლობაში 10 ადამიანი დაიღუპა. ეს მაშინ როდესაც ცხინვალიდან თავისუფლად გადმოდიან ოსები თბილისში სამკურნალოდ და მათ საქართველოს ხელისუფლება მკურნალობას სრულად უფინანსებს.

ახალგორელებმა არ იციან, თუ როდის გახსნის აგვისტოს ბოლოს ჩაკეტილ ე.წ. საზღვარს ანატოლი ბიბილოვი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ქეთევან ციხელაშვილი, რომელსაც ამ თემაზე მუშაობისთვის, საკმაოდ სოლიდურ თანხებს ვუხდით და მის უცხოურ ვოიაჟებსაც ვაფინანსებთ, მხოლოდ ზოგადი ფრაზებით იფარგლებიან. ამ დროს ახალგორში ადამიანები უწამლობით იღუპებიან.

ახალგორში მცხოვრები თამარ მეარაყიშვილი ცხინვალის ხელისუფლებას გაცილებით დიდი ხანია მძევლად ჰყავს აყვანილი. მას ბევრად ადრე აუკრძალეს ახალგორის დატოვება. მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე აქვს აღძრული ბიბილოვის ხელისუფლებას. ამის მიუხედავად ის ერთადერთია, ვინც ახალგორში მცხოვრებთა პრობლემებზე საუბრობს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამის გამო მას ოსებზე მეტად ქართველები ლანძღავენ.

– 131 დღეა რაც ჩვენი რაიონის მოსახლეობა მძევლადაა აყვანილი. 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს არ მიეცათ ავადმყოფების თბილისში ტრანსპორტირების უფლება. სიმსივნით დაავადებული ადამიანები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას, – ამბობს „თაიმერთან“ საუბარში მეარაყიშვილი.

ისივე თქმით, გაუსაძლის მდგომარეობაში არიან პენსიონერებიც.

– ახალგორელი პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა, აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი. არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადასახადს როგორ იხდიან, აცხადებს ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი.

მეარაყიშვილის განცხადებით, გადაადგილების ერთადერთი გზა დღეს სინაგურია, რომლის გავლითაც 9 საათი უნდა იარო, თბილისამდე რომ ჩააღწიო. თუმცა ვეღარც ამ გზით ისარგებლებენ ახალგორელები.

– ეს გზა ძვირიცაა და ყველას არც შეუძლია მისი გავლა. ამისთვის სპეციალური დოკუმენტი _ საშვია საჭირო. საშვებს დეკემბერში გაუვიდა მოქმედების ვადა. ვადის გაგრძელებას ხელის ერთი მოძრაობა სჭირდება, თარიღის და ბეჭდის დასმა, თუმცა თვეები ანდომებენ ამაზე ფიქრს და მოსახლეობის დიდ ნაწილს საშვი არ აქვს. გზა რომც გახსნან პენსიონერებისთვის რამდენიმე დღით- საშვი არ აქვთ და ფიზიკურდ ვერ შეძლებენ გადაადგილებას და ადგილობრივი ხელისუფლება იტყვის, რომ არ ისარგებლეს, – ამბობს თამარ მეარაყიშილი.

იმედი ვიქონიოთ ოფიციალური თბილისი რაიმე ზომებს მიიღებს. იმას მაინც ეტყვის ოკუპანტებს, რომ როცა ცხინვალელი ოსები თბილისში უფასოდ მკურნალობენ, ახალგორელი ქართველები უწამლობით არ უნდა იხოცებოდნენ.

შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაში„ანას ბაღის“ მიმდებარედ მოსახლეობამ აქცია გამართა
შემდეგი სტატიაგრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვები ბაღებში არ დაიშვებიან