ბეჟაშვილი – გუშინდელმა აქციამ ყველას კარგად დაანახა ის განწყობები, რომელიც არის საზოგადოებაში

გუშინდელი აქცია იქნება საფუძველი სხვა კონკრეტული აქციებისა, რომელიც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ გეგმას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საპროტესტო აქცია ყველა დიდ ქალაქში გაიმართება. ის ასევე გამოეხმაურა ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ როცა „ქართული ოცნება“ კრებს თავისუფლების მოედანზე მხარდამჭერებს, მაშინ 100 000- მდე აღწევს ხოლმე მათი რაოდენობა და როცა ოპოზიცია შეკრებს ხოლმე, ამბობენ, რომ 10-12 000- ია. ბეჟაშვილის თქმით, ეს ლოგიკა, რამდენად მართებულია, საზოგადოებამ განსაჯოს, თუმცა, მათი ინფორმაციით, აქციაზე 50 000- ზე მეტი ადამიანი იყო.

„გუშინდელმა აქციამ ყველას კარგად დაანახა ის განწყობები, რომელიც არის საზოგადოებაში – მოსახლეობის უმრავლესობა ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, მის მიმართ ივანიშვილის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება საპროტესტო აქციები, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვა. ზეწოლა გაძლიერდება ხელისუფლებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა უმოკლეს ვადაში დატოვოს საპატიმრო და რეალურად დაიწყოს ქვეყანაში სამოქალაქო შერიგების და ქვეყნის განვითარების პროცესი,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწითლიძე – მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ „ვარდების რევოლუციაზე“ ამდენი ხალხი არ ყოფილა
შემდეგი სტატიასუბარი – მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში, ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე