ბეჟან ნათელაშვილი: „ქართული ოცნება“ რუსეთს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში ხელს უწყობს

რუსეთის ოკუპანტურ ჟინს ვერც რელიგიური დღესასწაულები და ვერც კორონავირუსი აცხრობს. ხანმოკლე შესვენების შემდეგ, ოკუპანტებმა ისევ დაიწყეს ქართლის მინდვრების მითვისება. კერძოდ, ქარელის რაიონში ორი სოფლის ტერიტორიის შემოღობვა დაიწყეს. ოკუპაცია არც აფხაზეთში შეუჩერებიათ. რუსეთის ფედერაციამ კრასნოდარის მხარეს მიაკუთვნა გაგრის რაიონის სოფელი აიბგა, რომლის მითვისებასაც მოსკოვი კარგა ხანია ცდილობდა.
რუსები რაც არიან ვიცით, მათგან ასეთი რამეები გასაკვირი არაა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დუმილი ცოტა უცნაური და გაუგებარია. რატომ დუმს საქართველოს ხელისუფლება – ამ საკითხზე ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი „თაიმერს“ ესაუბრება.

– ბატონო ბეჟან, მაშინ როცა მთელი მსოფლიო „გაჩერებულია“, რუსები როგორ ახერხებენ ქართული მიწების მითვისებას?
– კრემლმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს არც პანდემიას და არც საუფლო დღესასწაულებს. მსოფლიო პანდემიის გამო ტერორისტებიც კი გაჩერდნენ. სამაგიეროდ, რუსები აქტიურობენ და განაგრძობენ საქართველოს მიწების ოკუპაციას. იქით გაგრის სოფელი გააფორმეს რუსეთის ტერიტორიად, აქეთ ქართლში ითვისებენ მიწებს. მათ უკვე დამუშავებული მიწები მიაქვთ და გლეხკაცს მშიერს ტოვებენ.
– რუსეთის ქმედება გავიგე, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან დუმილს ახსნა არ აქვს. ხომ შეიძლება ზრდილობის გულისთვის მაინც ხმა აიმაღლონ რუსეთის წინააღმდეგ?
– როდესაც რუსეთმა ქართლის მიწების შემოღობვა განაახლა, საგანგებო მიმართვა გავავრცელე და ხელისუფლებას ვთხოვე, რომ ზრდილობის გულისთვის მაინც დაეგმოთ კრემლის ქმედებები. სამწუხაროდ მათგან არანაირი პროტესტი არ მომისმენია. მართალია, კორონავირუსი მძვინვარებს ქვეყანაში, მაგრამ ასეთ დროსაც უნდა ამოიღო ხმა და გააპროტესტო შენი ქვეყნის ოკუპაცია. თბილისამდე რომ ჩამოვიდნენ ხმა არ უნდა ამოიღონ, რახან პანდემიაა? დარწმუნებული ვარ, არც ამოიღებენ.
– რატომ გგონიათ რომ არ ამოიღებენ?
– იმიტომ, რომ არ დაუპირისპირდებიან რუსებს. ხელისუფლების სათავეში რომ არიან, ეს მოსკოვის დამსახურებაა და პატრონს ხომ არ დაუწყებენ ბრძოლას? თავად ხომ არ იღებენ ხმას და ისე მოაწყვეს ყველაფერი, რომ ხალხმაც ვერ გააპროტესტოს კრემლის აგრესია.
– რას გულისხმობთ?
– თბილისი ჩაკეტეს და მანქანით გადაადგილებაც კი შეუძლებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრ ქართველს სურს, რომ ჩავიდეს ქარელში და ადგილზე გააპროტესტოს კრემლის ქმედება, მაგრამ თბილისიდან ვერ გახვალ. არაა შემთხვევითი, რომ ამ აკრძალვების დაწესება და ოკუპაციის განახლება ერთმანეთს დაემთხვა.
-თქვენ აზრით იმიტომ დაწესდა ეს მდგომარეობა, რომ რუსებისთვის ხელი არ შეგვეშალა?
– ფაქტია, რომ როგორც კი თბილისიდან გასვლა აიკრძალა, რუსებმა ოკუპაცია განაახლეს.
-ვინ წავიდოდა ასეთ დროს ოკუპაციის გასაპროტესტებლად?
– ძალიან ბევრი. ჩვენი პარტიის წევრები წავიდოდნენ. შალვა ნათელაშვილი ყოველთვის დადის იქ, სადაც რუსები მავთულხლართებს აბამენ. ახლა ის თბილისიდან ვერ გავა.
– ადგილობრივებმა ხომ შეიძლება გააპროტესტონ ოკუპაცია?
– იმათ სუსი და შსს ამის უფლებას არ მისცემს. თან პროტესტის გამოხატვა მხოლოდ იმ სოფლის მაცხოვრებლებს შეუძლიათ. დანარჩენები იქ ვერ მივლენ. მანქანით გადაადგილება დროებით შეზღუდულია. ეს შეზღუდვები კი მოიხსნება, მაგრამ თბილისი კიდევ რამდენიმე ხანი იქნება დაკეტილი. თბილისიდან ვერავინ ჩავა. მხედველობაში ოპოზიცია მყავს. ხელისუფლების წარმომადგენლებს თავისუფლად შეუძლიათ ქარელში ჩასვლა. მათ საშვები აქვთ. ქალაქშიც კარგად დადიან და ქალაქიდანაც გადიან. დასეირნობენ, ერთობიან, მაგრამ ოკუპაციას არავითარ შემთხვევაში არ გააპროტესტებენ.
ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, დროზე მოეგონ გონს და აამოქმედონ ყველა მექანიზმი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იმაზეც აგებენ პასუხს, რომ ოკუპაციას ხელი არ შეუშალეს. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ კრემლს ქართული მიწების ოკუპაციაში შეუწყო ხელი.

– რა მექანიზმი შეიძლება იქნას ამოქმედებული?
-ხელისუფლებამ, პირველ რიგში საგარეო უწყებამ, განგაში უნდა ატეხოს და მთელ მსოფლიოს გააგებინოს, რაც საქართველოში ხდება. დასავლეთს ამაზე აუცილებლად ექნება რეაქცია და ეს რუსეთს გააჩერებს. საქართველოს ხელისუფლება თუ არაფერს გააკეთებს, ამაზე მათ აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს და ტყუილად აქვთ პანდემიის იმედი. ერთხელაც იქნება და ხალხს ყელში ამოუვა მათი მზაკვრობა და ყველა ქუჩაში გამოვა. ამდენ ათას ადამიანს ვერც დაგვიჭერენ და ვერც დაგვაჯარიმებენ.
საერთოდ, აგვიხსნან როდის დადგება პანდემიის პიკი, ყოველ კვირა ახალ-ახალ თარიღებს რომ ასახელებენ. აშკარაა, რომ გამდიდრებისთვის იყენებენ ამ უბედურ დაავადებას და ამავე დროს რუს ოკუპანტებს უწყობენ ხელს ქართული მიწების მითვისებაში. ამას მათ ქართველი ხალხი არ აპატიებს. შორს არაა ის დრო, როდესაც ყველა ქუჩაში გამოვა და ამათ კინწისკვრით გაყრიან ქვეყნიდან.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმესაზღვრეების დაპირისპირება სვანეთში – მოკლულია პოლიციის თანამშრომელი
შემდეგი სტატიაპროკურატურაში მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო