ბეჟან ნათელაშვილი : დაიმახსოვროს ივანიშვილმა, ვაჭრისგან დიქტატორი არ დადგება

ვინ და რატომ ცდილობს ქართული მედიის შეზღუდვას, რატომ არ უქნია ვაჭრები ღმერთს დიქტატორებად, რატომ არ შეეგუებიან ქართველები მონობას? _ ამის შესახებ ,,ახალ თაობას’  ლეიბორისტული პარტიის წევრი ბეჟან ნათელაშვილი ესაუბრება.

_ რაინდმა ლევან ვასაძემ ხელისუფლებას მოსთხოვა, მკაცრად გააკონტროლე და დასაჯე მედიაო. ეს მისი ინიციატივაა თუ ვიღაცის პოზიცია გაახმოვანა?

_ ეს არის პირდაპირ პუტინის დაკვეთა. საქართველოს ახსოვს დიდი თურქობა, დიდი მონღოლობა, დიდი არაბობა. ახლა დიდი რუსობის ხანა დგას. ქართველი საზოგადოება და მედია ამას აპროტესტებს. ეს პროტესტი კრემლს არ მოსწონს.

ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, ეს უკმაყოფილება თავიანთ ვასალს გაახმოვანებინეს. ამისთვის იდეალური ვარიანტი იყო ბედნიერების წვერებიანი მებრძოლი ლევან ვასაძე. კრემლი ხან მისი და ხან ბიძინას პირით აჟღერებს იმას, რისი გახმოვანებაც უნდა.

ძალიან სამწუხაროა, რომ ესენი უწიგნურ და გაუნათლებელ ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

_ მიიჩნევთ, რომ მედიის გაკონტროლების იდეა ვასაძეს მოსკოვმა გააჟღერებინა. საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის ვითომ მედიის გაკონტროლებაზე?

_ უარს რატომ იტყვიან. ხელისუფლების ნარატივს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ვასაძისეული პოლიტიკა.

,,ოცნების” ზოგიერთი წარმომადგენელი აცხადებს, რომ მედიაში სიძულვილის ენა არ უნდა იყოს. რას ნიშნავს საერთოდ სიძულვილის ენა? ბარემ შაჰ-აბასის და მურვან ყრუს სიძულვილიც აგვიკრძალონ.

მითხარით, როგორ ვუთხრა ვინმეს, რუსი ნუ შეგძულდება _ ქართველებს გადაუღობეს სასაფლაო. აღდგომაზე კვერცხი ვერ გაუგორებიათ მაგ ოკუპანტების გამო საფლავზე.

მარტო უნდა შეიძულო კი არა, დალაპარაკებაც არ შეიძლება მაგათთან. მითხარით, რანაირად არ მძულდეს ოკუპანტი? მაშინ გიორგი ანწუხელიძე უნდა დავივიწყო და მასთან ერთად აფხაზეთსა თუ სამაჩაბლოში დაღუპული გმირები.

ოკუპანტი რომ შევიყვარო, მაშინ ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობა და კონსტიტუციაც უნდა დავივიწყო, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გავაკეთებ.

მოსკოვი პირდაპირ გვეუბნება _ უარი თქვი სუვერენიტეტზე, გახდი ჩემი გუბერნია და ამის შემდეგ შენს ღვინოს, ბორჯომს და კიტრ-პომიდორს ჩემს ბაზარზე გაგაყიდინებო.

ახლა ვინც მედიის გაკონტროლებას და რუსეთის კრიტიკის აკრძალვას ითხოვს, არის მოღალატე და პუტინ-ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი.

_ თქვენი პარტია სულ აცხადებთ, რომ პოლიტიკაში მილიონერები არ უნდა იყვნენ. ლევან ვასაძეც მილიონერთა კასტიდან არის და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეგეც შემოვა პოლიტიკურ ბაზარზე.

_ ეგ დიდი ხანია, ივანიშვილს შემოყვანილი ჰყავს. უბრალოდ, ისეთი პოზა უჭირავს ვასაძეს, თითქოს პოლიტიკაში არ ერევა. სინამდვილეში ყველაფერში ერევა.

მას დაკავებული აქვს ქართველებისთვის სენსიტიური თემა _ ის მამათმავლობასთან ბრძოლასთან ასოცირდება. ქართველები მართლმადიდებლები ვართ და ჩვენთვის ეს თემა მტკივნეული და მიუღებელია.

საუბედუროდ, მართლმადიდებლობა ვიღაცებმა სექტას დაამსგავსეს. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამას ხელი ზოგიერთმა სასულიერო პირმა შეუწყო.

ვდისტანცირდებით რა სექსუალური უმცირესობის თემისგან, ლევან ვასაძეს ამ თემით ათამაშებენ. მას და მის გარემოცვას უკანალის დაცვის კომიტეტი დავარქვი, რომელიც ქართულ მედიას ვერ გააკონტროლებს.

ბოდიში მომითხოვია მკითხველთან, მაგრამ თავში სხვა შეფასება არ მომივიდა. რამდენიმე კვირის წინ ერთი ამბავი ატყდა _ თბილისში გეი-აღლუმი უნდა ჩატარდესო. ამ დროს რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს დიდი ანტისაოკუპაციო მოძრაობა.

უკანალის დაცვის კომიტეტის წევრებმა ცალკე გამართეს აქცია, მეუკანელეებმა _ ცალკე. ორივე ეს აქცია მოსკოვიდან იმართებოდა.

ჩვენ სექსუმცირესობებშიც არ გაგვიმართლა, ეგენიც პუტინის ვასალები არიან. ეროვნული განცდა არც მაგათ აქვთ.

_ მოდით, ისევ ვასაძეს დავუბრუნდეთ. ამბობთ, რომ ის უკვე პოლიტიკაშია.

_ კი და ნებისმიერ დროს შემოაჯლიგინებს მას ასპარეზზე, მაგრამ მგონია, რომ ტყუილად ირჯებიან.

ქართულ გენეტიკურ კოდში საკუთარი მიწა-წყლის დაცვის მძაფრი სურვილი დევს. როგორც კი ქართული სახელმწიფოს წინაშე ღია საფრთხე დგება, ეს გენეტიკური კოდი იღვიძებს.

_ ახლაც სერიოზული საფრთხის ქვეშ არის ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მაგრამ ამ კოდმა ვერ გაიღვიძა.

_ აუცილებლად გაიღვიძებს. საკუთარი მიწა-წყლის დაცვის დაუოკებელ სურვილს ვერაფრით გადაწონის ღვინის და მწვანილის რუსულ ბაზარზე გასაღების პრობლემა.

დაიმახსოვროს ყველამ, საქართველო თავის დამოუკიდებლობას ასე მარტივად არ დათმობს. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იმდენი სისხლი დაიღვარა. მდინარეებად რომ წამოსულიყო, მთელ სამყაროს წალეკავდა.

_ ადრე სისხლს ვღვრიდით მტერთან ბრძოლაში, ახლა მტრის გინების უფლებაც არ გვაქვს. ,,ოცნების” დაქცეული ლოგიკით, პუტინ ხუილოს რომ ვიძახით, მაგან გააუფასურა ლარი.

_ ლარის გაუფასურება 2013 წლიდან დაიწყო. თავიდან ეროვნული ვალუტის გაუფასურება გიორგი ქადაგიძეს დააბრალეს, ვითომ საბოტაჟს აწყობდა. ქადაგიძე კარგა ხანია წავიდა და ვიღაცისთვის ხომ უნდა დაებრალებინათ.

ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს.

_ მიზანი რა არის?

_ ქვეყნის ჩამოშლა და ლარის რუბლად ქცევა. დღეს საქართველოს ფაქტობრივი მმართველი არის არა ივანიშვილი, არამედ ვლადიმერ პუტინი. ის მართავს ფაქტიურად ქვეყანას, აბა ბიძინამ ფულის თვლაც არ იცის.

_ ფულის თვლა რანაირად არ ეცოდინება, აბა მილიარდები როგორ იშოვა?

_ საყოველთაოდ ცნობილი თეზაა, რომ ფულის შოვნაში უწიგნურებს უმართლებს. ნებისმიერი ფსიქოლოგი ამას დაადასტურებს.

ამან კითხვაც არ იცის, თავად აღიარა _ ცოლი მიკითხავს ნიცშეს ციტატებსო. ცოლის წაკითხულს უსმენს და მერე ეკამათება ნიცშეს.

_ მისი ნიცშესთან კამათი როდემდე გაგრძელდება?

_ მთავარია, ეგ ხელისუფლებას მოვაშოროთ და მერე თუნდა სულ ნუ დაასრულებს ნიცშესთან კამათს.

ბოლოს ეგ, მგონი, მხოლოდ პუტინის დავალებებს ასრულებს და უნდა, საქართველო საბოლოოდ გადააქციოს რუსეთის გუბერნიად, რასაც ვერ ეღირსება! ჩვენ დამოუკიდებლობას არ დავთმობთ!

მესმის, რომ დღეს ძალიან ცუდ დღეშია ქვეყანა, მაგრამ საქართველო არაერთხელ დაცემულა ასე და ამაზე უარესადაც, მაგრამ კრიტიკულ მომენტში ჩვენ თავი გადაგვირჩენია.

ეს იმ გენეტიკური კოდის დამსახურებაა, რომელზეც ზემოთ გესაუბრეთ. ასე რომ, ივანიშვილს ტყუილად აქვს რაღაცის იმედი. ჩვენ აღმაშენებლის ჩამომავლები ვართ და აუცილებლად მოვიგებთ დიდგორს.

_ აღმაშენებელი მართლა საამაყო წინაპარია, მაგრამ უფრო ახლო წარსულში ჩვენი წინაპრები სერგო ორჯონიკიძეები და ფილიპე მახარაძეები იყვნენ.

_ სერგოსა და მახარაძეზე უფრო ადრე შადიმანი გვყავდა, უფრო ადრე ანდუყაფარ ამილახვარიც გვყავდა. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას ყორღანაშვილები არასდროს აკლდა, მაგრამ ჩვენში საღი აზრი ყოველთვის იმარჯვებდა და ახლაც ასე იქნება.

_ თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ გენეტიკური კოდი. ახლა ხმლის ქნევას არავინ დაიწყებს, მაგრამ ეს კოდი ალბათ ხალხმა არჩევნებზე უნდა გამოამჟღავნოს და კარტოფილ-ხახვზე აღარ გაიყიდოს.

_ ეს ასეც იქნება, თუმცა მეეჭვება, ამ ხელისუფლებამ რაიმე სახის არჩევანი ჩაატაროს. რასაც არჩევნები ჰქვია, ,,ქართულმა ოცნებამ” ის დიდი ხნის წინ დაასამარა.

_ თქვენი აზრით, არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს?

_ არჩევნების გზით უნდა ვიაროთ, სანამ საბოლოოდ არ დავრწმუნდებით, რომ ,,ოცნება” არჩევნების გაყალბებას აპირებს. როცა ეს დამტკიცდება, დარწმუნებული ვარ, რომ რუსთაველი გადაივსება და ვაჭრების დიქტატურა დასრულდება.

მინდა ყველამ და, პირველ რიგში, ივანიშვილმა იცოდეს _ ვაჭრისგან დიქტატორი არ გამოვა. როგორც კი ვაჭარი დაინახავს, რომ მის ქონებას და ანგარიშებს საფრთხე დაემუქრება, დაუყოვნებლივ მოუსვამს ქვეყნიდან და თხუნელასავით მიწისქვეშეთში ჩაძვრება.

 

ავტორი : შორენა მარსაგიშვილი

banner
წინა სტატიაშიმალხაზ მაჩალიკაშვილი : ხელისუფლებას ჩემი განადგურება უნდოდა, მაგრამ ვერ მივართვი
შემდეგი სტატიაგალის რაიონში ქურდობასა და გაუპატიურებაში ეჭვმიტანილი დააპატიმრეს