ბეჟან გუნავა: მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი

მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართელოს პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარესთან არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს “თავისუფალი საქართველოს” წევრმა ბეჟან გუნავამ განუცხადა.

აღნიშნულის კონტექსტში გუნავამ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კონსესუსი შედგება.

“მე ვხედავ, რომ გიორგი კვირიკაშვილი არის საქართელოს პრემიერ-მინისტრი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, კვირიკაშვილის მეთაურობით, გარკვეული კონსესუსი შედგება. ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი არასაპარლამენტო ოპოზიციასა და მთავრობას შორის და მე ვარ აბსოლუტურად პოზიტიური განწყობით გამოსული ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან გამართული შეხვედრიდან. იყო საუბარი არასაუწყებო კომისიასთან დაკავშირებით, რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. იყო წინადადება მამუკა კაციტაძის მხრიდან, რომ იქნებ ეს გადასულიყო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ქალბატონი მინისტრის, თეა წულუკიანის მხრიდან იყო წინადადება, რომ ეს მთავრობის ადმინისტრაციაში გადმოვიდეს. იყო მთელი რიგი სხვა საკითხები. არ იყო ეს შეხვედრა შეხვედრისთვის, იყო სერიოზული საუბრები და სერიოზული განწყობა პრემიერის მხრიდან თანამშრომლობასთან დაკავშირებით”,-განაცხადა ბეჟან გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დაწყებამდე გუნავამ განაცხადა, რომ “დღეს გამოჩნდება გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრია თუ – ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი”. შეხვედრის შემდეგ, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ, გუნავამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მისმა ამ კომენტარმა “ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო”.

პრემიერ-მინისტრთან არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი და ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაპრემიერისა და ოპოზიციის შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის ფორმატის შექმნა გადაწყდა