ბევრი სნეული მიბრძანდება ტაძარში სალოცავად იმ სნეულებისგან განკურნების მოლოდინით და ჩვენ ვურჩიეთ, რომ სასურველია, იყოს მოწოდება, რომ არ მივიდნენ ამ დროს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეულად ხელს შეუწყობს ეპიდემიების დროს ყველაზე მთავარი ღონისძიების – სოციალური დისტანცირების უკეთ აღსრულებას.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, საპატრიარქოში სინოდის წევრებთან იყო წინასწარი შეხვედრა.

„ძალიან კარგი, საქმიანი საუბარი შედგა. ჩვენ სამედიცინო, ჯანდაცვის მხრივ მათ ყველა ინფორმაცია მივაწოდეთ და დაახლოებით ველოდით, რომ ამ ტიპის განცხადება იქნებოდა. იცით, რომ გარკვეულად მიეცათ უფლება და კურთხევა მორწმუნეებს, რომ სახლიდან იყოს ლოცვები, რომ მივლენ მოძღვრები სახლებში, რომ დიდი თავშეყრა არ იყოს. მოგეხსენებათ, საპატრიარქომ ჯანდაცვის სექტორის ძალიან ბევრი რეკომენდაცია გაითვალისწინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

ზიარების წესთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე მან ასევე განაცხადა: „ვიცი, რომ ძირითადად მეკითხებით ერთ რეკომენდაციაზე. ეს რთული გადასაწყვეტია, ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული და მე ველოდი, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგივე მოწოდება იმისა, რაოდენ მნიშვნელოვანია საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის მოწოდება, რომ სნეული ადამიანები არ მიბრძანდნენ ტაძრებში, ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი თხოვნა. ბევრი სნეული მიბრძანდება ტაძარში სალოცავად იმ სნეულებისგან განკურნების მოლოდინით და ჩვენ ვურჩიეთ, რომ სასურველია, იყოს მოწოდება, რომ არ მივიდნენ ამ დროს, რადგან შეიძლება სიცხიან ადამიანებში იყოს შემთხვევები სწორედ კორონავირუსული ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძეს მიაჩნია, რომ საზოგადოება და მრევლი ამას ითვალისწინებს.

„საგანგებო მდგომარეობის დროს კიდევ ემატება, რომ 10 ადამიანზე მეტის შეკრება ერთდროულად იკრძალება დახურულ, იგივე ღია სივრცეებში. ესეც რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ხელს შეუწყობს. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მრავალმხრივ პოზიტიურად აისახება ამ ინფექციის მეტად შეკავებაზე.

მე დამშვიდების არავითარ გარანტიას და დამშვიდების მოწოდებას მოსახლეობისადმი არ ვაპირებ, რადგან საქმე გვაქვს პანდემიასთან. ვირუსი როდის, როგორ მოიქცევა, ჯერ არავინ იცის. ჯერ ახალი ისტორიის ვირუსია. პირველი შემთხვევის დადგენიდან არ გვაქვს ქვეყნის შიგნით ლეტალობის შემთხვევა. გვყავს ავადმყოფები, შედარებით მძიმეც, მაგრამ არც ერთი კრიტიკული. ყველა ადამიანის წარმომავლობა ინფექციის შეძენისა ვიცით, ანუ წყარო, საიდან, როგორ გავრცელდა და ა.შ. თითქმის ყველა ადამიანის, თითქმის ყველა კონტაქტია დადგენილი. ძალიან ბევრი მუშაობა დასჭირდა ამას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ დეკრეტი გამოსცა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქუთაისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი