“ბევრი პრეტენზია გვაქვს პროცესთან” – ოპოზიცია კომიტეტზე ნინო ლომჯარიას მოსმენას არ ესწრება

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ნინო ლომჯარიას მოსმენას საპარლამენტო ოპოზიცია არ ესწრება. მათთვის მიუღებელია ის პროცესი, რაც მმართველმა გუნდმა სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პერიოდში განახორციელა.

პრეტენზიები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“, თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ნინო ლომჯარიას შეხვდებიან და ამის შემდეგ მიიღებენ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას.

„ჩვენ ძალიან ბევრი პრეტენზია გვაქვს პროცესთან, იმიტომ, რომ არანაირ ფორმატში არ მომხდარა კონსულტაციები შესძლო კანდიდატთან დაკავშირებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რაც არის მნიშვნელოვანი ხარვეზი. მომავალში რეგლამენტით უნდა გაიწეროს ბევრად უფრო ადრეულ ეტაპზე ოპოზიციის თანამონაწილეობა ამ პროცესში,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წვერმა, სალომე სამადაშვილმა.

„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები არ ყოფილა. ჩვენ ვერ მოვუსმინეთ ოთხივე კანდიდატს, რომ მათი ხედვა შეგვედარებინა, შესაბამისად, უმცირესობა ვერ ხედავს აზრს, მონაწილეობა მიიღოს სახალხო დამცველის არა არჩევის, არამედ დამტკიცების ფორმალურ პროცესში,“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციის ბრალდებებს „ქართულ ოცნებაში“ არ იზიარებენ. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პროცესი გამჭვირვალე იყო.

„ძნელად წარმომიდგენია კიდევ უფრო გამჭვირვალე პროცესი იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად, მხარი დავუჭირეთ იმ კანდიდატურას, რომელიც წარმოდგენილი იყო არასამთვრობო სექტორის მხრიდან. ოპოზიციის ეს ბრალდებები, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, საფუძველს მოკლებულია,“ – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიხიდისთავში მანქანა მდინარეში გადავარდა – გარდაცვლილია ერთი პირი
შემდეგი სტატიაალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევაში ბრალდებულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა