“ბევრი ნიუანსია, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს რუსეთთან” – ფაშინიანი “ტრამპის მარშრუტის” განხორციელებაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სომხეთის აზერბაიჯანთან და თურქეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ამის შესახებ ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„როგორც თქვენ უკვე თქვით, იხსნება ახალი შესაძლებლობები. ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყანაში სხვა რამდენიმე სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენის დღის წესრიგიც. მე მხედველობაში მაქვს, კერძოდ, იჯევანის, ერასხისა და ახურიკის სექტორები. ეს არის რკინიგზები, რომლებიც აკავშირებს სომხეთს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. მიმდინარეობს საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები. ვერ ვიტყვი, რომ ახლა უკვე არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ რკინიგზების გახსნის შესახებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ვითარება მივიდა იმ წერტილამდე, რომ უკვე უნდა ჩატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ რუსი პარტნიორები ამ მოთხოვნას რაც შეიძლება სწრაფად შეასრულებენ. სომხეთის რკინიგზის სატრანსპორტო სისტემას რუსეთის რკინიგზის 100-პროცენტიან საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია, „სამხრეთკავკასიური რკინიგზა“ მართავს.

ფაშინიანმა და პუტინმა ასევე ისაუბრეს „ტრამპის მარშრუტზე“. ფაშინიანის თქმით, ამ მარშრუტში ბევრი ნიუანსია, რომელიც ეხება სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს.

„ამჟამად ჩვენ ასევე ვაწარმოებთ ძალიან კონსტრუქციულ ორმხრივ მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან „ტრამპის მარშრუტის“ გზის განხორციელებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს ნამდვილად ძალიან დიდი და შინაარსიანი ცვლილებებია ჩვენს რეგიონში. აქ ბევრი ნიუანსია, რომელიც ეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდამამძიმებელ გარემოებაში ქურდობის მცდელობა და არალეგალური მიგრაცია – იტალიაში, ბინაში შეჭრის მცდელობისას 50 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: “დაკავებული აქტივისტების შეწყალება არ იგეგმება”