11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ბესო შენგელია: დღეს გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი მტერია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბესო შენგელიამ სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი მარშის დაწყებამდე მედიასთან განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის აუცილებელია მოქმედი ხელისუფლების დამარცხება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას ავალწყდება ისტორიული რეალობა, ხოლო რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი მხოლოდ ოფიციალურად აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებზე უნდა მიმდინარეობდეს.

„33 წლის წინ ჩვენ საქართველოს გული — სოხუმი დავკარგეთ, რადგან ის ჩვენი ნებით არ დაგვითმია. აფხაზეთი და სოხუმი არის საქართველო და აუცილებლად იფრიალებს ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ რუსეთი არის მტერი. ისტორიულად. რამდენიმე დღის წინ დუმაში იყო შეხვედრა, სადაც სეპარატისტი ოსები, აფხაზები და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დასხდნენ და საქართველოს მოსთხოვეს, თურმე ცეცხლი არ განაახლოს და „საზღვრების“ დემარკაცია მოხდეს.

ერთადერთი საზღვარი, რომელზეც ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ, არის არა ენგურზე, არამედ ფსოუს იქით, როკის გვირაბთან და ლარსთან. ჩვენ ჩვენს მტერს, რუსებს შეგვიძლია ამ საზღვრებზე ველაპარაკოთ, თორემ სამაჩაბლო და აფხაზეთი ყოველთვის იქნება საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მიაქანებს უფსკრულისკენ, აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რათა შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია,“ — განაცხადა ბესო შენგელიამ.

banner
წინა სტატიაში“შემდეგი ნაბიჯები აუცილებლად უნდა იყოს უფრო ხისტი დაპირისპირება რეჟიმთან”- ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: დიპლომატია ძალის გარეშე იგივეა, რაც ორკესტრი ინსტრუმენტების გარეშე — რეგიონში ყველაზე სუსტად გამოვიყურებით