„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი ბესიკ დონაძე თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. დონაძის თქმით, ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები საზოგადოებისთვის ისედაც ხილულია და გაუგებარია, ვის მისამართით საუბრობდა მერი ამ ხარვეზებზე. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ისაუბრა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანი საბიუჯეტო სახსრები იხარჯება, მერიას შესაბამისი სამსახურები და უახლესი სპეციალური ტექნიკაც გააჩნია, თუმცა პრობლემა მენეჯმენტშია. მისივე თქმით, სტიქიის ან დაზიანების ადგილებზე მერიის თანამშრომლების მისვლა სატრაბახო არ არის, რადგან ეს მათ პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენს.
„ვის მიმართავს, რომ ნარჩენები და ხის ტოტებია სანიაღვრე სისტემაში? მათი ვალდებულებაა, რომ ეს ყველაფერი გაწმინდონ. ამისთვის იყიდეს სპეციალური აპარატურა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მესამე პირს ელაპარაკებოდა. თითქოს ვიღაცის გასაკეთებელია ეს ყველაფერი და კალაძემ ამაზე კომენტარები აკეთოს. კი, კალაძე უნდა ადგეს და გაწმინდოს სანიაღვრე სისტემა, მისი ვალდებულებაა. არაფერი სამადლობელო არ გვჭირს ქალაქს კალაძის, რადგან ჩვენს ფულს ხარჯავს. ის, რომ ქალაქში ამდენი პრობლემაა, რომელიმე თანამშრომლის პრობლემა კი არ არის, ეს არის სისტემის ბრალი“,– განაცხადა დონაძემ.















