„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბესიკ დონაძე სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის დაკავებას ეხმაურება და „ქართულ ოცნებას“ „კორუმპირებულ ორგანიზაციას“ უწოდებს. პოლიტიკოსის განცხადებით, მმართველი გუნდი კორუფციულ საქმეებს მხოლოდ სანახევროდ, „ტელევიზიის საშუალებით“ იძიებს, რათა საზოგადოებაში ბრძოლის ილუზია შექმნას.
დონაძის თქმით, დაკავებული მაღალჩინოსნები სწორედ მოქმედი ხელისუფლების მიერ იყვნენ დანიშნულნი და მათ ხელში ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ იდგა:
„ამ ადამიანებს ებარათ სახელმწიფო უსაფრთხოება. წარმოიდგინეთ, ნებისმიერ რამეს იყიდდა ფულით, ვინც რამეს მოისურვებდა. ეს ხომ ერთჯერადი შემთხვევა არ იყო. წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა გასაყიდად იყო დახლზე გამოტანილი და შეგეძლო გეყიდა ნებისმიერ ფასად, თუ მოელაპარაკებოდი ლილუაშვილს და ახობაძეს.
„ქართული ოცნება“ კორუმპირებული ორგანიზაციაა, რადგან ეს ადამიანები დაინიშნენ იმათ მიერ, ვინც ახლა არის ხელისუფლებაში. როდესაც ჩვენ ამ სქემებზე ვუყვებოდით მოქალაქეებს, ეს ხალხი გვლანძღავდა, სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდა და მკვლევრებსა თუ ჟურნალისტებს სასამართლოში უჩიოდა რეპუტაციის შელახვისთვის“, — განაცხადა ბესიკ დონაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მმართველმა გუნდმა ბიუჯეტიდან ფულის მოპარვის მრავალი სქემა ააწყო, რეალური გამოძიება არ მიმდინარეობს და ყველა მსგავსი საქმე „შპს-ების დირექტორებისა და მენეჯმენტის დონეზეა გაჩერებული“.

















