„პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული მოთხოვნა და საკონსტიტუციო სარჩელი უპრეცედენტოა — ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ რეპრესიული პოლიტიკა კულმინაციურ ფაზაში გადადის! აპირებენ, პარტიების ერთი ხელის მოსმით განადგურების გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მიაღებინონ,“ — ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზაცია „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ განუცხადა.
ბესელიას შეფასებით, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვა არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესს აყენებს უდიდეს ზიანს და საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯს ანადგურებს, არამედ თვითონ „ქართულ ოცნებასაც“ აზიანებს.
„ეს იქნება ევროკავშირისთვის გაგზავნილი „მესიჯი“, რომ არ გვაინტერესებს, რას ამბობს ევროკავშირი თუ ევროკომისია, და ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა. მეორე მხრივ, უკვე დანიშნული პროცესები ნიშნავს იმას, რომ აქამდე რაღაცას ელოდებოდნენ — თავმჯდომარე შეიცვალა და ორი მოსამართლე გააწესეს. ფაქტია, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ვერ ირჩევს, რადგან კვორუმი არ ჰყოფნის. საქმე განსახილველად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა და, გამომდინარე იმისგან, ვინც ჰყავთ, პლენუმისთვის უფრო დაბალი კვორუმი იქნება. ემზადებიან, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება უფრო სწრაფად და ფორსირებულად მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს ბევრი თვალსაზრისით საზიანო პროცესი იქნება,“ — განაცხადა ეკა ბესელიამ.
რაც შეეხება მანანა კობახიძის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დატოვებას, ბესელიას თქმით, თუ კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა, მის ამ ნაბიჯს მიესალმება, ხოლო თუ აიძულეს, „ეს უკვე დანაშაულია და ამაზე კობახიძემ თავად უნდა ისაუბროს“.
ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ყოველთვის ჰქონდა იმის განცდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე მანანა კობახიძეს პროტესტი უნდა ჰქონოდა.
„მანანა კობახიძის გადაწყვეტილებას მივესალმები. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს ძალიან მძიმე დავალებები მისცეს. სულ მიკვირდა — პროტესტი ალბათ ჰქონდა, მაგრამ ამ პროტესტის გამოხატვას აქამდე, ალბათ, ვერ ახერხებდა. წლებია, მანანა კობახიძეს ვიცნობ. ვმეგობრობდით პარლამენტამდე და „ქართულ ოცნებამდე“. პარლამენტში რამდენიმე წელი გვერდიგვერდ ვისხედით და ერთად ვმუშაობდით. მისი საქმეებიდან გამომდინარე, სულ მქონდა განცდა, რომ ასეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემებზე, რომლებიც ადამიანის უფლებებს სისტემურად აზიანებდა, მას პროტესტი უნდა ჰქონოდა.
არ ვიცი, რაიმე ზეწოლა იყო მასზე თუ თავად, დამოუკიდებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ მან საკუთარი კრიტიკული პოზიცია გამოხატა, როდესაც აცილების მოთხოვნა დააყენა. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა არ სურდა.
ეს კარგია, რადგან იურიდიული პროფესია ასეთ პრინციპულ გადაწყვეტილებებს ძალიან დიდხანს იმახსოვრებს. პროფესიული იმიჯი და სანდოობა ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალი ღირებულებაა, რაც არ შეიძლება პოლიტიკური გუნდის ან იმ პირების დავალების საპირწონე იყოს, ვის წინაშეც ანგარიშვალდებული ხარ. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მოსამართლის თავისუფლებას იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ არსებობს გამართლება, რის გამოც შეიძლება მოსამართლემ ეს თავისუფლება დაკარგოს,“ — განაცხადა ეკა ბესელიამ.















