ბესელია-ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს ჩვენთან ლაპარაკს, დაელოდოს პასუხებს

“ვაფრთხილებ პირადად ბიძინა ივანიშვილს – თუ ამ მეთოდებით გააგრძელებს ხელის გადაგრეხის პრინციპს და ჩვენთან ლაპარაკს, უბრალოდ, დაელოდოს იმ პასუხებს, რასაც მიიღებს” – ამის შესახებ ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

“ეს ის პროცესია, რომელშიც მე და ჩემს მეგობრებმაც ბევრი ვიბრძოლეთ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი ყოფილიყო, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამას ჩვენ დავთმობთ, თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ეს მოსამართლეები ასე გავლენ ან თუ ოცნებაში ვინმეს ჰგონია, რომ გაბედავენ და ამ მოსამართლეებს თავზე მოგვახვევენ, ძალიან ცდებიან.

ყველა მეთოდს, კანონით დასაშვებ ყველა ფორმას გამოვიყენებთ, რომ ამ პროცესს წინ აღვუდგეთ, ეს იქნება ფიზიკური წინააღმდეგობა, ეს იქნება მორალური, პოლიტიკური, სამართლებრივი, მაგრამ ეს არის გაფრთხილება, რომ მსგავსი მეთოდებით, კიდევ ერთხელ ხელის გადაგრეხის მცდელობა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს სამართალი წაართვან… ეს არის ჩემი და ჩემი მეგობრების პროტესტიც, გაფრთხილებაც, ვაფრთხილებ პირადად ივანიშვილს – თუ ამ მეთოდებით გააგრძელებს ხელის გადაგრეხის პრინციპს და ჩვენთან ლაპარაკს, უბრალოდ, დაელოდოს იმ პასუხებს, რასაც მიიღებს” – თქვა ბესელიამ.

დეპუტატი ამბობს, რომ ყველა მიიღებს პასუხს ისეთი პროვოკაციისა და შეურაცხყოფისთვის, როგორიც მას იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილმა მიაყენა.

“მათ შორის პასუხისმგებელი არის თავად [ბიძინა ივანიშვილი], იმიტომ, რომ როცა მისი პარტიის სახელით ზარდიაშვილი ლაპარაკობს, ეს მისი პერსონალური პასუხისმგებლობაა, როცა ეს მოსამართლეები ზარდიაშვილის გადასარჩენი ხდება, მერე ნუღა გვეტყვის ივანიშვილი, რომ ნაციონალურ მოძრაობას ებრძვის და რომ წარსულთან არაფერი აქვს საერთო. ერთი და იგივე მენტალიტეტია, ასეთ ადამიანებს ვებრძოდით საკუთარი უსაფრთხოების და სიცოცხლის ფასად, ამის დაბრუნების უფლებას არ მივცემთ არავის, მათ შორის, პირველ რიგში მას, რადგან ეს არის მთავარი ღალატი საკუთარი ხალხის და იმ ამომრჩევლის, ვინც პირველი ოქტომბერი მოიტანა.

როგორ და რა ფორმით, ვნახავთ, ვისაც არ მოეწონა ეს რეაქცია, უკეთესად მოიქცეს თვითონ” – თქვა ბესელიამ.

ეკა ბესელიასა და ვანო ზარდიაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მოხდა. მოსამართლე მირანდა ერემაძის მოსმენისას გედევან ფოფხაძემ ვანო ზარდიაშვილს უთხრა, რომ მისი “მორალური ხედვები” იცის, რაზეც ვანო ზარდიაშვილმა “ბესელიას მორალისკენ” მიუთითა. ამან ეკა ბესელიას გაღიზიანება გამოიწვია.

“რა ბესელიას მორალი, აბა, რაშია საქმე, რა ბესელიას მორალი, რაშია საქმე, რომელი ბესელიას მორალი” – დამოუკიდებელი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილის სკამთან მივიდა და მას ფიზიკურად შეეხო. ამის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ მანდატურებს ეკა ბესელიას დარბაზიდან გაყვანა მოსთხოვა და დეპუტატს წესრიგის დაცვისა და “ღირსეული ქცევისკენ” მოუწოდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მუქარა – ნიუ-იორკში დავით ზალკალიანის და სერგი ლავროვის შეხვედრა იგეგმება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე – ფრენები რუსეთთან აუცილებლად უნდა აღდგეს