ბესელია – დღეს ყველამ აღიარა, რომ სასამართლო რეფორმა უპირველესი რეფორმაა

დღეს ყველამ აღიარა, რომ სასამართლო რეფორმა უპირველესი რეფორმაა,- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, დღეს ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ამ რეფორმის ბოლომდე განხორციელება.

„ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ თავის დროზე, 2012-2017 წლამდე, რომ ეს რეფორმა არ შეჩერებულიყო, მაგრამ ახლა უკვე ყველამ გაიზიარა, რომ რეფორმის პროცესში მოხდა უკუსვლა. მთავარი გამოწვევა არის არაჯანსაღი მმართველობის სტილი, სამწუხაროდ, „კლანური“ მმართველობა, რომელიც სასამართლოს აზიანებს და მას დამოუკიდებლობას, ნდობას უკარგავს. როგორც ეს პრეზიდენტ მიშელის ხელმოწერილ დოკუმენტშია, მთავარი გამოწვევა იქნება პირველი, რომ უნდა მომზადდეს ახალი ცვლილებები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ასევე პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების არჩევა მოხდება გაცილებით უფრო ახალი სტანდარტით, ღიად, გამჭვირვალედ, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, იქამდე უნდა შეჩერდეს ეს დანიშვნები. ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა, რომელსაც მმართველი პარტია დაეთანხმა. პირველ ეტაპზე, როგორც კი ეს პროცესი შეჩერდება, კანონპროექტი მზად არის, რომელიც მოსამართლეების არჩევას გააუმჯობესებს, შემდეგი იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობის დარეგულირება და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრების არჩევა, ფორმირება. ეს არის ის, რამაც უნდა გაანეიტრალოს ის წუხილი, რაც არსებობს არასწორი და არაჯანსაღი მმართვის კუთხით სასამართლო სისტემაში“,-განაცხადა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშირაქვიაშვილი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა