პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ბერდია სიჭინავა ხელისუფლებას ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოდან საწვავის შესვლასთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემას სთხოვს.
სიჭინავას თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს და უცნობია, რა ოდენობის საწვავზეა საუბარი, რომელი ბიზნესსუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურებით გადაკვეთა ტვირთმა საოკუპაციო ხაზი.
“აქ განსაკუთრებული არაფერია. აქ მთავარია, რომ პროცესი ფარულად მიმდინარეობს. არ ვიცით, რა ოდენობის საწვავის მიწოდებაზეა საუბარი, რომელი ბიზნეს სუბიექტები იყვნენ ჩართული და რა პროცედურების გავლით შევიდა საწვავი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე.
თუ საწვავი ოკუპირებულ აფხაზეთში შესულია როგორც ეკონომიკური ტვირთი და არა როგორც ჰუმანიტარული ტვირთი, თუ მას ე.წ. საბაჟო პროცედურები აქვს გავლილი ე.წ. საზღვარზე, რომელიც რეალურად საოკუპაციო ხაზია, ეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოებისთვის საგანგაშო მაჩვენებელი იყოს – ამიტომ პასუხისმგებლობიანმა ხელისუფლებამ, პირველ რიგში, ამ კითხვებს უნდა გასცეს პასუხი! – ეს ტვირთი საბოლოო დანიშნულებით მოხმარდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ჰუმანიტარული მიზნებით დაიხარჯა, თუ სამხრეთ რეგიონების რუსეთის ფედერაციის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და ომის წარმოებას”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.















