პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის ლიდერის გიორგი გახარიას ადვოკატმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რომ მოსამართლემ 20 ივნისის საქმეს არ დაურთო „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნა, მაგრამ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა დაურთო.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მორიგი სხდომა გაიმართა.
მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ საქმეზე ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის დართვა მოითხოვა, „რომელშიც დაკონკრეტებულია, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ 20 ივნისის და ჩორჩანას გარშემო მიმდინარე საქმეები გახარიას პოლიტიკური დევნაა და ანგარიშში პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტის რეკომენდაციაა გაცემული“.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე იცით, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის დართვა მოვითხოვეთ, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე საუბარია, რომ გიორგი გახარიას მიმართ 20 ივნისის და ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს პოლიტიკური მოტივაციით დევნა და რატომღაც არც პროკურატურისთვის და არც სასამართლოსთვის არ აღმოჩნდა სანდო წყარო ეუთოს მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში, თუმცა შეგახსენებთ, რომ შეფასებითი დოკუმენტები მაგალითად წულუკიანის დასკვნა უფრო მისაღები და სანდოა პროკურატურისთვის, ვიდრე ეუთოს მისიის სპეციალური დასკვნა და მომზადებული ანგარიში“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
















