29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ბერდია სიჭინავა: ლევან ახობაძე იმიტომ დააკავეს, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის წინააღმდეგ მიაცემინონ ჩვენება

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბერდია სიჭინავა სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ლევან ახობაძის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება მას ყოფილი შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ამზადებს.

სიჭინავას შეფასებით, სისტემამ კორუფციული საქმეები „მეტასტაზებივით“ ყველა სფეროში გაავრცელა, ახობაძე კი ის ფიგურაა, რომელიც უზარმაზარ სენსიტიურ ინფორმაციას ფლობს:

„ამ ადამიანებს იმას კი არ ედავებიან, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, არამედ იმაზე მეტი მოიპარა, რაც მოსაპარი იყო, დღეს კი „შავი სალარო“ ისევ შესავსები აქვს.

დარწმუნებული ვარ, ახობაძეზე დევნა დაწყებულია მხოლოდ იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიყენონ. ასეთი ტიპის ყოფილი მაღალჩინოსნები ყოველთვის გამოიყენებიან უფრო მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ინფორმაციის მისაღებად. ამ ადამიანს არა მარტო ლილუაშვილზე აქვს კომპრომატები, არამედ ბევრ სხვა გავლენიან ფიგურაზეც, რომლებიც დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში არიან“, — განაცხადა სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ინფორმაციისთვის,  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლევან ახობაძე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა. სუს-ის ოფიციალური ინფორმაციით, საქმეში უშუალოდ ფიგურირებს გრიგოლ ლილუაშვილიც.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი ჩვენებით ირკვევა, რომ ლილუაშვილი ინფორმირებული იყო ქრთამის მოთხოვნის შესახებ, მისი უშუალო ჩარევით ბიზნესმენისთვის მოთხოვნილი თანხა განახევრდა და კერძო მეწარმემ ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს 250 000 ლარი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიშევარდნაძის დაცვის უფროსობიდან Forbes-ის ასეულამდე: ვინ არის ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი, რომელსაც მთავრობამ მიწები გადასცა
შემდეგი სტატიადიდი ლიახვის ხეობაში 52 წლის რუს რეჟისორს ეძებენ — სამძებრო ოპერაციაში ქართული მხარეც ჩაერთო