ბერდია სიჭინავა – ირაკლი კობახიძის უმძიმეს ბრალდებებს შესაბამისი რეაგირება სჭირდება

პარტია „საქარათველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმძიმეს ბრალდებებზე ისაუბრა, რასაც შესაბამისი რეაგირება სჭირდება.

„პირველ რიგში, დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რის გამოც ჩვენ დღეს აქ ვართ მოსული. ჩვენ კარგად ვიხილეთ 4 ივნისს, პარტიის მოქმედი თავმჯდომარის გაჟღერებული უმძიმესი ბრალდებები, რომლებიც ეხებოდა პოლიციელების, ჯარისკაცებისა და იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას. ეს არის უმძიმესი ბრალდებები, რასაც აუცილებლად სჭირდება შესაბამისი რეაგირება.

ბატონმა ირაკლი კობახიძემ, როდესაც ამ ბრალდებებზე საუბრობდა, ახსენა პოლიტიკური განზომილების ნაწილი და არ უხსენებია სამართლებრივი ნაწილი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმძიმეს ბრალდებებს სჭირდება სამართლებრივი ქმედებები, რადგან ქვეყანაში არავის აქვს უფლება, საკუთარ პოლიციას, ჩვენს გმირ პოლიციელებს და ჯარისკაცებს უაპელაციოდ დასდოს ბრალი და ამისთვის არ აგოს პასუხი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, პარტიამ „საქართველოსთვის“ ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურასა და უსაფრთხოების სამსახურს მიმართა.

„ჩვენ დღეს მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს იმ უმძიმეს ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიერ იქნა გაჟღერებული. დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ყველა ასეთ ბრალდებას გაეცეს სამართლებრივი პასუხი. თეორიულად ყველაფრის დაშვება არის შესაძლებელი, მაგრამ ჩვენ ვიტოვებთ იმედს, რომ გამოძიებამ ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რომელიც ირაკლი კობახიძის ინტერვიუს გარშემო არსებობს, უნდა გასცეს ამომწურავი პასუხი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაშიარასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის კანდიდატად ზაზა ხატიაშვილს ასახელებს
შემდეგი სტატიამეგრელიშვილი – მარტივი ვერსია, “ნაციონალებზე” უფრო “ნაციონალებად” აქციონ გიორგი გახარია