საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვისას, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ბერდია სიჭინავამ 2019 წლის ჩორჩანის ეპიზოდზე ისაუბრა.
სიჭინავას განცხადებით, საოკუპაციო ხაზს აქეთ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს განთავსებამ სოფელი ჩორჩანა ოკუპაციას გადაარჩინა, ხოლო მმართველი პარტიის ბრალდება, თითქოს გიორგი გახარიას ამ გადაწყვეტილებით ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა, აბსურდულია. მან აღნიშნა, რომ საგუშაგოს გახსნის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გახარია ორჯერ დაასახელა პრემიერ-მინისტრად, დღეს კი მის ქმედებას დანაშაულად აფასებს, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და სუვერენიტეტს აზიანებს.
სხდომაზე სიჭინავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ არჩილ გორდულაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, როდესაც სიჭინავამ 20 ივნისის მოვლენები ახსენა. მოსამართლემ მხარეებს კორექტულობისკენ მოუწოდა.
„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს იმ მოტივით, რომ მათი საქმიანობა კონსტიტუციურ წესრიგსა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის.















