თუ ამ 13 წლის განმავლობაში ყველა „უვარგისი“ იყო — პრემიერიდან დაწყებული, დამთავრებული დამლაგებლით და დღეს ისევ ამბობთ, კიდევ მოხდება დაჭერებიო, მაშინ ლოგიკური კითხვა ჩნდება: აბა რა ხდებოდა კარგი ამ წლების განმავლობაში?! ვის ხელში იყო ძალაუფლება, ვინ აკონტროლებდა სისტემას და ვინ უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი?!
გამოდის რომ იყავით და ხართ უვარგისები და მექრთამეები!!
როცა წლების განმავლობაში ფლობ ძალაუფლებას, აკონტროლებ სისტემას და მაინც ამტკიცებ, რომ კორუფცია არსებობდა და ახლაც არსებობს, ეს უკვე არა შეცდომა, არამედ თანამონაწილეობაა.
ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ ქვეყანა 13 წელი იმართებოდა „უცოდინარი ადამიანებით“ და ეს მხოლოდ ახლა აღმოაჩინეთ. ეს ნიშნავს ერთს: ან არ გინდოდათ სიმართლის დანახვა, ან თავად იყავით ამ ჭაობის ნაწილი.
ხალხს აღარ სჭირდება სიტყვიერი გამართლება და ერთმანეთზე გადაბრალება.
როცა მმართველობა წლებია თქვენს ხელშია, ყველა დანაშაული, მექრთამეობაც და ჩავარდნაც თქვენი პასუხისმგებლობაა. სხვა ვერსია უბრალოდ არ არსებობს.
ყველაზე მძიმე ამ ისტორიაში ის არის, რომ საზოგადოებას არ ეძლევა არც პასუხი და არც გარანტია. რა გარანტია არსებობს, რომ ამ წუთასაც არ ხდება კორუფცია?!
თუ მთელი სისტემა წლების განმავლობაში „გაფუჭებული“ იყო, მაშინ რატომ არ დაიშალა, რატომ არ გასუფთავდა დროულად და რატომ გვესმის იგივე სიტყვები კვლავ და კვლავ?
ამ ლოგიკით გამოდის ერთი მარტივი სიმართლე: თუ დღეს აღიარებთ, რომ ყველაფერი მახინჯად მუშაობდა, მაშინ ოპოზიცია, რომელსაც ამაზე წლებია ხმამაღლა ლაპარაკობდა, სიმართლეს ამბობდა. სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს. ან ვერ მართავდით ქვეყანას, ან შეგნებულად ხუჭავდით თვალს იმაზე, რაც ხდებოდა — ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობა ერთია.
ხალხი დაიღალა მუდმივი „დაჭერების დაპირებით“, დაუსრულებელი თვითგამართლებებითა და პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებით. ქვეყანას არ სჭირდება აღიარება სიტყვებით; ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილება, გამჭვირვალობა და პასუხები — არა დღეს, არა ხვალ, არამედ ახლავე.
და ბოლოს, როცა ისევ იგივე წრე ტრიალებს, იგივე ადამიანები იგივე ფრაზებს იმეორებენ და შედეგი არ ჩანს, ბუნებრივია ჩნდება სიბრაზე და ირონია. როგორც მანანა ჩიქობავა, ანტისას დეიდა იტყოდა- ქოცებო, ვაი თქვენს პატრონს მართლაც.
ეს არის საზოგადოების იმ ნაწილის განწყობა, რომელსაც სიმართლე, სამართლიანობა და პასუხისმგებლობა დიდი ხანია აკლია.
კორუფციის მფარველი ის არის, ვინც ხედავს და დუმს. ვინც იცის და არაფერს აკეთებს. ვინც პასუხისმგებლობას ატარებს, მაგრამ შედეგს ვერ ან არ აჩვენებს.
პ.ს ჰო, კიდე ის „ოროსანი პრეზიდენტი“ თხა და გიგოს რომ ვერ გასცდა — სადმე დამალეთ. ეს უკვე პოლიტიკა აღარ არის, ეს ერის დაცინვაა.
როცა ქვეყნის პირველი პირი ვერ სცდება პრიმიტიულ აზროვნებას, ვერ ლაპარაკობს სახელმწიფოს დონეზე და მუდმივად სირცხვილის განცდას უჩენს საკუთარ მოქალაქეებს, ეს აღარ არის ინდივიდუალური პრობლემა- ეს ეროვნული პრობლემაა. ორიანი ნიშანია- ერთოსანია!!!”, – წერს სოციალურ ქსელში “თაიმერის” დამფუძნებელი ბერდია კალანდია.



















