“ეს უკვე სასამართლო აღარ არის. ეს რეჟიმის ბინძური სადამსჯელო მექანიზმია.ქვეყანაში, სადაც პროტესტს „ტერორიზმად“ ნათლავენ, განსხვავებულ აზრს კი მრავალწლიანი პატიმრობით სჯიან, სამართალი მკვდარია და მისი ადგილი პოლიტიკურმა რეპრესიებმა დაიკავა.
7 წელი, 5 წელი, 2 წელი. ეს არ არის განაჩენი. ეს ხელისუფლების პანიკური შიშის სარკეა.
ეშინიათ ქუჩის.
ეშინიათ თავისუფალი სიტყვის.
ეშინიათ ხალხის, რომელიც შიშით მართვას აღარ ემორჩილება.
ამიტომ სასამართლო პოლიტიკური შურისძიების იარაღად აქციეს, მოსამართლეები კი რეჟიმის მონებად.
დღევანდელი სასამართლო სულ უფრო ემსგავსება 1937 წლის რეპრესიულ მანქანას, სადაც განაჩენი წინასწარ იწერება, ხოლო „სამართალი“ მხოლოდ დეკორაციაა.
რეჟიმს აღარ სჭირდება მტკიცებულება. საკმარისია, ადამიანი “პროტესტში” იდგეს, ხმამაღლა საუბრობდეს ან ხელისუფლებას არ ემორჩილებოდეს.
დღეს დააპატიმრეს ისინი ვინც წინააღმდეგობის გაწევა გაბედა.
ხვალ ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება „სახელმწიფოს მტრის“ იარლიყი მიაკრან.
ასე მოქმედებს ყველა ავტორიტარული ხელისუფლება. ჯერ განსხვავებული აზრის ჩახშობით, შემდეგ საზოგადოების დაშინებით და ბოლოს სრული კონტროლის დამყარებით.
პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია-ეს ადამიანები დღეს რეჟიმმა მაგალითისთვის გაწირა, რათა საზოგადოებაში შიში დათესოს და ყველას დაანახოს, რა ელოდება დაუმორჩილებელს.
მაგრამ ისტორიას ერთი დაუნდობელი კანონი აქვს. ყველა რეჟიმი, რომელიც პოლიტპატიმრებით იკვებება, საბოლოოდ საკუთარი უსამართლობის სიმძიმის ქვეშ ინგრევა.
დღევანდელი განაჩენი შეიძლება დროებით ძალაში იყოს, მაგრამ ისტორიის განაჩენი ბევრად მძიმე, სასტიკი და სამარცხვინო იქნება მათთვის, ვინც ეს რეპრესიები შეკერა და სუსრულეში მოიყვანა”,-წერს “თაიმერის” დამფუძნებელი, ბერდია კალანდია

















