ბერდია კალანდია: ემიგრაცია — ცოცხლად დამარხვა, თუ გადარჩენის მძიმე სკოლა?!

ემიგრაცია, ადამიანისთვის ერთ-ერთი უმძიმესი ხვედრია. ეს არის ტკივილი, რომელიც სიტყვებით ძნელად გადმოიცემა — ეს უნდა განიცადო! ემიგრაცია ჰგავს ცოცხლად დამარხვას: სუნთქავ, მუშაობ, არსებობ, მაგრამ შენი გულის ნაწილი იქ რჩება, სადაც შენი სახლია, მიწაა და ფესვებია!

გენატრება ყველაფერი — არა მხოლოდ საყვარელი ადამიანები, არამედ, ისიც, ვინც ოდესღაც შენი მტერი იყო. გენატრება ქალაქის ხმაური, ქუჩის კუთხე, ბავშვობის სურნელი, ფაროსანას მიერ გათხელებული ის ფოთოლიც კი, რომელიც სახლს გაგონებს და კიდევ უფრო გაჩვენებს, რამდენად შორია ის.

მონატრება აქ არჩევანს არ აკეთებს — ის ყველაფერს გართმევს და ერთდროულად ყველაფერს გახსენებს.
საბოლოო ჯამში კი, საკმაოდ გვიან იაზრებ, რომ ემიგრაცია იმაზე მეტს გართმევს, ვიდრე, გაძლევს!
როდესაც მეგობრები გირეკავენ და თითქოს, უმნიშვნელო, წვრილმან კითხვებს გისვამენ, გულში ფიქრობ: „ვერ არიან კარგად“. შენ ხვდები, რომ ეს კითხვები სინამდვილეში შენ არ გეკუთვნის — ისინი მონატრების ხმებია, შორიდან გამოგზავნილი სიგნალები, რომ იქაც უჭირთ, იქაც გელიან!

ემიგრაციაში გენატრება ყველა და ყველაფერი. ეს განცდა შენ თვითონ გამოიარე, საკუთარ თავზე გამოსცადე, მაგრამ ცხოვრება სასტიკად გასწავლის შეგუებას. გაჩვევს არა ტკივილის გაქრობის ხარჯზე, არამედ იმიტომ, რომ სხვა გზა არ გაქვს. გაჩვევს იმისთვის, რომ იქ მყოფები გადაარჩინო — ოჯახი, შვილები, მშობლები. აღარ აქვს მნიშვნელობა შენ როგორ იქნები; მთავარია ისინი იყვნენ კმაყოფილი და დაცული და სწორედ, ეს ხდება შენი შვება, შენი პატარა გამარჯვება დიდი ტკივილზე!

ემიგრანტი საკუთარ თავს სწირავს სხვების სიმშვიდეს. ხშირად, მისი ღიმილიც კი დაღლილია, მისი სიჩუმე — მძიმე, მაგრამ მის გულში ყოველთვის რჩება დაბრუნების იმედი. დაბრუნების, არა როგორც მოგზაურის, არამედ, “შინ დაბრუნებულის”.
ოდესღაც, “სკაიპით” დატირებას ვაქილიკებდი. მეგონა, ეკრანს მიღმა განცდილი ცრემლი ნამდვილი ვერ იქნებოდა, რომ ტკივილს მანძილი ასუსტებდა. თურმე, როგორ ვცდებოდი. არის ტკივილი, რომელსაც არც კილომეტრები აკლდება და არც ეკრანი აჩერებს, სრულიად “უმასშტაბოა”.

იქ, ვიდეოზარში, ყველაფერი ჩანს — თვალების სიღრმე, მრუდე ხმა, უხერხული დუმილი, სიტყვებს შორის ჩამალული ტკივილი. შენ იქ ხარ, იმ წამს, იმ ადამიანთან ერთად, და მისი ტკივილის თანმონაწილე ხდები. ეს ის ტკივილია, რომელიც წლებია არ გიტირია ხმამაღლა, რომელიც საკუთარ თავშიც კი დაგიგროვდა და ახლა ეკრანის პატარა ფანჯარაში ამოხეთქა!

“სკაიპით” დატირება არ არის სისუსტე. ეს არის ემიგრანტის “შელეწილი მდუმარება”. იქ, ტირი არა მხოლოდ ახლობლის გამო, არამედ საკუთარი თავისთვისაც — იმისთვის, რაც დაკარგე, რაც დაგრჩა და რაც ჯერ კიდევ გზაშია. იქ თანაუგრძნობ მას და ამშვიდებ საკუთარ თავსაც, თითქოს სიტყვებით ცდილობ დრო მოატყუო და ტკივილს დაასწრო.
ყველაზე მძიმე კი ის ფიქრია, რომელიც გულში შეუმჩნევლად იბუდებს: „რა იცი, იქნებ ცოცხალი ვერ დავბრუნდე“. ეს ფიქრი არ ითქმის ხმამაღლა, მაგრამ თითოეულ ზარში “კარს უკან” დგას, თითოეულ გამომშვიდობებაში იპარება. სწორედ, ამიტომ არის “სკაიპით” დატირება ასეთი მძიმე — იქ, არა მხოლოდ მონატრება ჩანს, არამედ, შიშიც, რომ ეს საუბარი შეიძლება უკანასკნელიც იყოს!

ეკრანი ვერ აქრობს სიყვარულს და ვერ ამცირებს ტკივილს. პირიქით — ზოგჯერ მას უფრო მკაფიოს ხდის. “სკაიპით” დატირება არის ემიგრანტის რეალობა: ცრემლი, რომელიც გზას პოულობს, მაშინაც კი, როცა სხეული შორსაა, მაგრამ გული ისევ სახლში რჩება.

ყველა ემიგრანტს ვუსურვებ მშვიდობიან დაბრუნებას — იმ მიწაზე, სადაც მონატრება დასრულდება და ტკივილს მოგონებად აქცევს. დაბრუნებას ღირსებით, სიყვარულითა და განცდით, რომ ეს “მსხვერპლი” ფუჭი არ ყოფილა!

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმოსამართლემ პროკურატურას სხდომის დახურვის შუამდგომლობა დაუკმაყოფილა – ბაჩო ახალაიამ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაია: “15 წუთი მომცეს იმისთვის, რომ მურთაზ ზოდელავასთვის და პაატა ბურჭულაძისთვის დამედო ხელი”