10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

ბერდია კალანდია: არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ პატრიარქის სამძიმარზე მისული ხალხი რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი იყო

“არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ პატრიარქის სამძიმარზე მისული ხალხი რომელიმე პოლიტიკური მხარის მხარდამჭერი იყო და არის. ეს არ არის პოლიტიკა და არც პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა. მილიონობით ადამიანი, ვინც მივიდა პატრიარქის პატივსაცემად იქ იყო მხოლოდ ერთი მიზეზით-სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით.

ეს იყო საერთო ეროვნული გრძნობა, რომელიც სცილდება პოლიტიკურ საზღვრებსა და დაპირისპირებებს. არავის აქვს უფლება ეს ერთიანობა საკუთარ ინტერესებს მიაწეროს.

პატრიარქის მიმართ ნდობა და სიყვარული წლების განმავლობაში არაერთმა საერთაშორისო კვლევამაც დაადასტურა. ეს არის ხალხის გულიდან წამოსული დამოკიდებულება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის გავლენის შედეგი. ამიტომ, უმჯობესია, ყველამ პატივი სცეს ამ ფაქტს და არ გამოიყენოს ეს ერთობა საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად.

ასეთი მასშტაბის ნდობა და სიყვარული, რაც პატრიარქს ჰქონდა ხალხისგან, მომავალში ვერავინ გაიმეორებს.
ეს არ იყო ხელოვნურად შექმნილი რეიტინგი არც ფულით ან კამპანიებით მიღწეული მხარდაჭერა-ეს იყო წლების განმავლობაში დამსახურებული ავტორიტეტი და ხალხთან გულითადი კავშირი.

ასევე, ასეთ მასშტაბურ სამძიმარს ვერ შექმნის ვერანაირი რესურსი, რამდენიც არ უნდა დაიხარჯოს. იქ მისული ხალხი არ იყო მობილიზებული. ისინი თავად მივიდნენ, საკუთარი სურვილით, სიყვარულით და პატივისცემით. პატრიარქის საქართველო მართლაც სხვა სიმაღლეზე იდგა. ეს ის ეპოქალური პერიოდი იყო, როცა საზოგადოების დიდი ნაწილი ერთ საერთო ფასეულობაზე ერთიანდებოდა. სწორედ ამიტომ, ეს მოვლენა დარჩება როგორც განსაკუთრებული და გამორჩეული მაგალითი, რომელსაც ხელოვნურად ვერავინ გაიმეორებს.

ამ მოვლენაზე კიდევ ბევრი დაიწერება და არაერთგვაროვან შეფასებებსაც მოვისმენთ და ეს ბუნებრივია, რადგან ასეთი მასშტაბის ეპოქა ყოველთვის იწვევს განსხვავებულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.
მაგრამ ერთ რამეს ვერავინ შეცვლის: ჩვენ ამ ეპოქის თვითმხილველები ვიყავით. ვნახეთ საკუთარი თვალით ის ერთიანობა, ის მასშტაბი და ის ემოცია, რომელიც სიტყვებით ბოლომდე ვერ გადმოიცემა”,-წერს “თაიმერის” დამფუძნებელი, ჟურნალისტი, ბერდია კალანდია.
banner
წინა სტატიაშიგიორგი ტიგინაშვილი: “ქრისტიანობა იწყება იქ, სადაც მთავრდება პიროვნების კულტი”
შემდეგი სტატიახვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება