4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ბერა ივანიშვილმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანიების – „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ბერა ივანიშვილი მედიასაშუალებებისგან მის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და აღნიშნული ცნობების ცილისწამებად ცნობას მოითხოვს.

„სარჩელი ეხება იმ ფაქტების გავრცელებას, რომლებიც არის სიცრუეზე დაფუძნებული და არანაირი კავშირი მას რეალობასთან არ აქვს. მოსარჩელე ითხოვს ამ ფაქტების შესაბამისი ფორმით უარყოფას და მის ცილისწამებად გამოცხადებას. მთლიანად სიუჟეტი არის ვრცელი, მაგრამ ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს რამდენიმე ფაქტი, რაც გავრცელებულია ყველანაირი გადამოწმების, ჟურნალისტური გულისხმიერების და მსგავსი საფუძვლების გარეშე, პირდაპირ ეხება დანაშაულის დაბრალებას, მის კრიმინალურ გარჩევებთან რაღაც ჰიპოთეტურ კავშირს“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ადვოკატის თქმით, სარჩელის დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.

ბერა ივანიშვილმა სასამართლოსთვის მიმართვის გადაწყვეტილების შესახებ 30 სექტემბერს განაცხადა. მისი თქმით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის „ქოლცენტრებს“ მფარველობს, ასევე ცილისწამებად მიიჩნევს ცნობებს, რომ მისი მითითებით ადამიანებს აპატიმრებენ ან თავად უკანონო გარიგებებში მონაწილეობს.

„მინდა, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ“,
– დაწერა ბერა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, კონკრეტული მედიასაშუალებები და პირები მის სავარაუდო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ, თუმცა, მისი შეფასებით, ამის დასადასტურებლად შესაბამისი ფაქტები წარმოდგენილი არ არის.

ბერა ივანიშვილის განმარტებით, სასამართლოსთვის მიმართვის მიზანი შურისძიება კი არა, საკუთარი ღირსებისა და უფლებების დაცვაა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიახარკოვში რუსეთის იერიშის სამიზნე საავადმყოფო გახდა – დაშავებულია 73 ადამიანი, 226 პაციენტის ევაკუაცია განხორციელდა