ბექა ოდიშარია: „პრემიერ გახარიასა და პრეზიდენტ ალიევს აქვთ რესურსი, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული პრობლემა მოლაპარაკებების გზით ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას უახლოეს მომავალში“

დავით გარეჯის კომპლექსში შემავალი ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას შეფასებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰალმ ალიევსა და საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შორის მიღწეული შეთანხმება ამ ნაწილში არის ძალიან მნიშვნელოვანი.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს არის ჩვენი ცნობიერების, ისტორიის, კულტურის ნაწილი, თუმცა აქვე ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური შემადგენელი, რაც გარკვეულ გარემოებათა გამო იყო შეზღუდული. პრეზიდენტ ალიევისა და პრემიერ გახარიას პირველი შეხვედრისთვის ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის რამდენიმე ათწლეულის პრობლემა, რომელიც ქვეყნებს შორის დგას, თუმცა ცივილიზებული ქვეყნების მისია სწორედ ის გახლავთ, რომ ისტორია აერთიანებს და არ ყოფს მათ, როგორც ეს თვითონ აღნიშნა ბატონმა ალიევმა. ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ვიქნებით მშვიდნი, არ ავყვებით ემოციებს, თუ ოპოზიცია და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფი არ შეეცდება სიტუაციის ეგზალტაციასა და ესკალაციას, ჩვენს სახელმწიფოებს , მათ შორის, პრემიერ გახარიასა და პრეზიდენტ ალიევს აქვთ პიროვნული და სახელმწიფოებრივი რესურსი, რომ მოლაპარაკებების გზით ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას უახლოეს მომავალში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ეროვნული ბანკის ახალ შენობასთან დაკავშირებით – ამ ქალაქში შესაძლებელია ისეთი შენობის აშენება რომელიც ცოტა უფრო იაფი დაჯდება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ჩვენ ვართ სუფთა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი ბიზნეს ვაკეთებთ