ბექა ოდიშარია ანა დოლიძეს – ემიგრანტების სვე-ბედი რომ გადარდებდეთ ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდით როგორც საქართველოში, ისე ადგილსამყოფელ ქვეყნებში

„სამწუხაროდ გრძელდება ემიგრანტების თემით მანიპულაცია. როზნერის შედგენელი მესიჯბოქსი ვირუსულად ვრცელდება და გუშინ ვიხილე კიდევ ერთი ემიგრაციის ახალგამომცხვარი გულშემატკივარი, რომელმაც ჩემი აბსოლუტურად რეალისტური და მართლაც გულწრფელი მიმართვა დიასპორისადმი კონტექსტიდან ამოგლიჯა, დაამახინჯა და გადააკეთა. მე განვაცხადე, რომ ვისურვებდი დიასპორა უფრო აქტიურად იყოს ჩართული საარჩევნო პროცესში.

გარდა სახელმწიფოებრივი ინტერესისა, მაქვს პარტიული ინტერესიც, რადგან მხარდამჭერთა პროცენტული ოდენობა საზღვრებს შიგნით და საზღვრებს გარეთ პრაქტიკულად იდენტურია“, – ამის შესახებ ბექა ოდიშარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მოხარული იქნება თუ დიასპორაც მიიღებს მონაწილეობას ერთხელ და სამუდამოდ პოლიტიკური ველის გაჯანსაღებაში.
„ეს იქნება გარანტი მშვიდობის, ეკონომიკური შემდგომი განვითარების, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის და გაუჩენს მათ ბუნებრივ სურვილს, დაბრუნდნენ დედა სამშობლოში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანა დოლიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გაცხარება შესაძლებელია ტაივანიდან მომდინარე დაფინანსების ირგვლივ გაკეთებულმა მისმა განცხადებებმა განაპირობა.

„ემიგრანტების სვე-ბედი რომ გადარდებდეთ ალბათ სხვაგვარად მოიქცეოდით როგორც საქართველოში, ისე ადგილსამყოფელ ქვეყნებში. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, მე, ყოველი ვიზიტისას, არის ეს ოფიციალური თუ კერძო, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ 90 %-ს ვატარებ ჩემს საამაყო დიასპორასთან. ქედს ვიხრი მთელს მსოფლიოში საკუთარი ქვეყნის ყველაზე ერთგული და მოსიყვარულე – ქართული დიასპორის წინაშე “, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ხელისუფლება მუდმივად ინტერესდება მათი საკითხებით და არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ.
„ჩვენ ისინი მუდმივად გვახსოვს, გვიყვარს, ვკითხულობთ მათ ამბავს. ისინი გვახსოვს პანდემიის, ომისა თუ ჭირის დროს. ერთად დავდგეთ ემიგრაციის ინტერესების დასაცავად, დავივიწყოთ ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციები ამ საპატიო მიზეზით, ასევე მოვუწოდებდი ქალბატონ ანა დოლიძეს, შემოუერთდეს იმ დიდ საქმეს, რასაც ჰქვია არა ემიგრაციის დაზაფვრა, არამედ მოტივაციის ამაღლება, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ 2024 ის არჩევნებში“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილი: უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში გაძვირებული ფასები, რაზეც სამწუხაროდ, რამდენიმე კვირის განმავლობაში უმრავლესობის ლიდერები იცინიან
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი „ქართულ ოცნებას“: თქვენი ზედაპირული განცხადებებით ფეხბურთელების დიდ გამარჯვებას ვერ მიეტმასნებით