ბექა ლილუაშვილი – საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო გამოდის ბიზნესის გარანტორად, როდესაც საქმე საფინანსო სექტორიდან მიღებულ ფულად რესურსებს ეხება

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისული ღონისძებების განხორციელებაზე ბიზნესის მიმართულებით, ვსაუბრობთ მიმდინარე კრიზისის პერიოდში, როგორ მოახდინოს სახელმწიფომ იმის უზრუნველყოფა, რომ პირველ რიგში, დაიცვას ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
როგორც პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, ეს გამოიხატება იმაში, რომ გარდა მოქალაქეების პირდაპირი გზით დახმარებისა, სახელმწიფო დაეხმაროს ბიზნესსაც, რომ მან შეძლოს, მოქალაქეებს სამუშაო ადგილები შეუნარჩუნოს.
რაც შეეხება ბიზნესის სტიმულირებას, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ეს არის ცალკე პოსტკრიზისული ეკონომიკური პროგრამა, რომელიც საზოგადოებას წარედგინება.
„რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავეხმაროთ და ვიზრუნოთ ქართველ მეწარმეებზე, რათა მათ მაქსიმალურად, შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მეტი ფინანსური რესურსი მივცეთ, იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თანამშრომლები. რაც შეეხება უშუალოდ დახმარების ღონისძიებებს – მთავარი პრობლემა, რასაც დღეს ბიზნესი აყენებს, ეს არის ფინანსური რესურსების და შემოსავლების შემცირება და შესაბამისად, გარკვეული აცდენა შემოსავლებს და მიმდინარე ხარჯებს, ანუ გადასახდელებს შორის. ამიტომ, ჩვენ ღონისძიებები დავიწყეთ დასაწყისშივე, როდესაც 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადის გადავადება გავაკეთეთ სასტუმრო სექტორისთვის. ვაგრძელებდით შემდეგაც, როდესაც ვასუბსიდირებდით საკარანტინო სივრცეების მიზნობრიობით სასტუმროებს. ასევე ვასუბსიდირებთ მცირე სასტუმროების საპროცენტო სახდელებს ბანკებში და ა.შ. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ეფექტურად გვემუშავა დონორებთან და სამი მილიარდი აშშ დოლარის რესურსის მობილიზება მოვახდინეთ, საიდანაც დაახლოებით მილიარდ ნახევარი გამოყოფილია იმისთვის, რომ ბიზნესმა მიიღოს ეს რესურსი, დონორების ხაზით. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა მივეხმაროთ ბიზნესს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. .
პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, მთავრობა ცდილობს, რომ გარდა ერთჯერადი, მოკლევადიანი ღონისძიებებისა, შექმნას სისტემური გადაწყვეტები, რომელიც ბიზნესისთვის სამომავლოდაც საინტერესო იქნება.
„რაში ითარგმნება ეს ფინანსურ რესურსი და როგორ ვაკეთებთ ჩვენ ამას – დავიწყოთ ისეთი ღონისძიებით, როგორიც არის საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება იმისთვის, რომ დამსაქმებელმა შეინარჩუნოს დასაქმებული სამსახურში. ამის საბოლოო ბენეფიციარი, სარგებელის მიმღები რა თქმა უნდა, არის თითოეული მოქალაქე, რომელიც დასაქმებულია, თუმცა ინსტრუმენტი არის ის, რომ ბიზნესს შევუმციროთ ხარჯი. ეს პროცესი მოხდება ისეთივე ავტომატურ რეჟიმში, როგორც უხელფასო შვებულებაში მყოფთა ავტომატური დახმარება და ამიტომ ვიყენებთ საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების მექანიზმს, რომ მარტივად მოვახდინოთ ამ პროცესის ადმინისტრირება. გარდა ამისა, არის დღგ-ს დაბრუნების, სრულიად ახალი, გამარტივებული, ავტომატური მექანიზმი და პლუს დაგეგმილზე 600 მილიონი ლარის რესურსის დამატებით დაბრუნება ბიზნესისთვის“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, ქართულ ბიზნესს ძალიან კარგად ახსოვს ძველი დრო, როდესაც არათუ უბრუნებდნენ გამარტივებულად თავიანთ რესურსებს, არამედ უფრო მეტსაც ართმევდნენ.
„ქართულ ბიზნესს ძალიან კარგად ახსოვს ძველი დრო, როდესაც არათუ უბრუნებდნენ გამარტივებულად თავიანთ რესურსებს, არამედ უფრო მეტსაც ართმევდნენ. ასეთი გადაწყვეტები, რომელიც სისტემურია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს რესურსიც მნიშვნელოვანია. ეს არის ის რესურსი, რომელსაც მიიღებენ ექსპორტიორი კომპანიები, სამშენებლო კომპანიები, სამთო მომპოვებელი კომპანიები – ანუ ის იურიდიული პირები, რომელიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს. ამის გარდა, დამატებით მოგეხსენებათ, რომ საკრედიტო საგარანტიო სქემა, რომლის ბიუჯეტიც 300 მილიონი. რას ნიშნავს ეს და როგორ გამოიყენებს ამას ბიზნესი? თქვენ იცით, რომ დაახლოებით 8 მილიარდიანი ე.წ. საბანკო პორტფელი არის მცირე და საშუალო ბიზნესის დღეს, რომელიც ძალიან შეზღუდული რესურსებით ცდილობს, რომ საბანკო სესხებს მოემსახუროს, რიგ შემთხვევაში ხდება ამ სესხების რესტრუქტურიზაცია იმიტომ, რომ არ მოხდეს მათი გირაოს გაყიდვა და არ შეექმნას ამ ბიზნეს პრობლემა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, საკრედიტო-საგარანტიო სქემის მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფო გამოდის ბიზნესის გარანტორად, როდესაც საქმე საფინანსო სექტორიდან მიღებულ ფულად რესურსებს ეხება.
„ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მცირე ან საშუალო ზომის კომპანიას აქვს საბანკო სესხი, რომლის მომსახურებასაც ვერ ახერხებს და ბანი სხვა შემთხვევაში გააკეთებდა აღსრულების პროცესს, ანუ მოახდენდა ამ გირაოს რეალიზაციას, ამ თანხის ამოღებას, ამ შემთხვევაში სახელმწიფო აძლევს გარანტიას საფინანსო სექტორს და თავად კომპანიას, რომ თუ ბანკი განახორციელებს სესხის რესტრუქტურიზაციას, იმ შემთხვევაში თუ ამ ბიზნეს აქვს პერსპექტივაში შემოსავლების გაზრდის საშუალება სახელმწიფო გამოდის, როგორც რისკის გამზიარებელი კომპანიისთვის, საფინანსო სექტორისთვის და საფინანსო სექტორი მარტივად აკეთებს ამ პროცესს. ასევე, საკრედიტო საგარანტიო სქემა ეხება ახალ სესხებსაც. ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდება მაშინ, როდესაც უკვე ჩვენ ეტაპობრივად გავხსნით ეკონომიკას და ეკონომიკა დაიწყებს ფუნქციონირებას. ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო გამოდის, როგორც გარანტორი ახლად აღებულ სესხზე, სესხის 90% ოდენობითაც“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

მისი თქმით, გარდა საკრედიტო საგარანტიო სქემისა, მთავრობას აქვს ე.წ. 600 მილიონი გრძელვადიანი ლარის რესურსის შესაქმნელად, რომელიც სახელმწიფოს გავლით მიეწოდება საფინანსო სექტორს.
„შედეგობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზნესს გაუიაფდება კრედიტზე საპროცენტო განაკვეთი, ბანკებს გაუმარტივდებათ ფინანსური რესურსების მართვა და გაუიაფდებათ გრძელვადიანი ფინანსური რესურსი, რაც მიმართული იქნება იმისკენ,რომ გრძელვადიანი დაკრედიტების მექანიზმები შემოვიდეს ეკონომიკაში და ეს არ არის ჩვენი ექსკლუზივი, ეს არის ის, რაც გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან აქტიურად“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბექა ლილუაშვილი: ყველა პენსიონერს, პენსია გაეზრდება ფასების ზრდის და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში
შემდეგი სტატიასაქართველოში აშშ-ის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა