ბექა ლილუაშვილი: „ქვეყანას სჭირდება რეალური გეგმა, და არა 10 წლიანი ილუზიების შეთავაზება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენასა და სამომავლო გეგმებზე საუბარს პარტია ,,საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ბექა ლილუაშვილის მწვავე შეკითხვა და შეფასებები მოჰყვა. მან ღარიბაშვილს პოსტპანდემიური აღდგენის გეგმიდან ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვან იმ საკითხებზე ჰკითხა, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ექსპერტების და ანალიტიკოსების დახმარებით შემუშავდა გახარიას ადმინისტრაციის მიერ.

„მე მაქვს ერთადერთი კითხვა – სად არის პოსტპანდემიური ეკონომიკური პოლიტიკის გეგმა, რომელიც თქვენ დაგხვდათ, როდესაც მიხვედით ადმინისტრაციაში და გეგმა, რომლის შემუშავებაც მიმდინარეობდა არა ქალაქგარეთ წვეულებების ფარგლებში, არამედ ჩართული იყო უამრავი სახელმწიფო საჯარო მოხელე სხვადასხვა ეკონომიკური პროფილს სამინისტროებიდან და ჩართული იყო საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფები”. – განაცხადა ლილუაშვილმა

,,მე მაინტერესებს რატომ არ მიმოიხილეთ დღეს ამ ათწლიანი ეგრეთწოდებული ,,გეგმის“ ფარგლებში ის საკითხები, რომლებიც რეალურად სჭირდება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას – რატომ არ ისაუბრეთ საშემოსავლო და მოგების გადასახადის შემცირების შესაძლებლობებზე, რომელიც წარმოდგენილი იყო იმ გეგმაში, რაც დაგხვდათ, რატომ არ ისაუბრეთ მსხვილი ინვესტიციებისთვის და ინვესტორებისთვის გადასახადების დაბრუნების ნაწილზე, ექსპორტის პირდაპირ გაწერილი ღონისძიებების მხარდაჭერის საკითხზე რომელიც ასევე იყო გეგმაში. რატომ არ ისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკას რეალურად სჭირდება – მაგალითად, სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე რაზეც დიდი ენთუზიაზმით მუშაობდით იმიტომ რომ გვესმოდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერაც ექნებოდა ამ რეფორმას – რომელიც გაჩერდა ფაქტიურად. რატომ არ ისაუბრეთ საგადასახადო შეღავათების გაუქმების პრაქტიკაზე – ეს რომ გასაკეთებელია და ეს რომ მანკიერი მოცემულობაა, არაეფექტიანი და მოძველებული – თავის დროზე ,,ნაყიდი’’ საგადასახადო შეღავათების გაუქმებაზე, რაც ნამდვილად სჭირდება ეკონომიკას. „ – დააზუსტა ლილუაშვილმა პოსტპანდემიური აღდგენის გეგმის ის საკითხები, რაც ღარიბაშვილის ადმინისტრაციის მიერ სავარაუდოდ – შეჩერდა.

,,ერთი სიტყვით, რომ შევაჯამოთ – ეს, ბატონო ირაკლი, არ არის გეგმა რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და მის განვითარებას სჭირდება – ეს არის გეგმა ჩვენი მოსახლეობისთვის 10-წლიანი ილუზიების შეთავაზებისა, მაშინ როდესაც ჩვენ – მეც და ჩვენმა გუნდმაც – როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში ავიღეთ სერიოზული პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს გავაკეთებდით განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე და რომ დასაბუთებულ განაცხადს გავაკეთებდით. ახლა ქვეყანას სჭირდება არა 10-წლიანი ილუზიები და პოპულიზმით გაჯერებული, ელექტორალურად დატვირთული გეგმა, არამედ რეალური გეგმა. ეს გეგმა ისეთივე არაფრისმომტანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, როგორც 500-მილიონიანი პროგრამა, რომელიც ფასადებს ღებავს, როცა შეიძლებოდა რეალურად პოსტპანდემიურ პერიოდში ამ ფულით ადამიანებს დავხმარებოდით.“ – ამბობს ბექა ლილუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი: ეტაპობრივად გაიზრდება მასწავლებლების ანაზღაურება და 2030 წლისთვის საშუალო დატვირთვის პირობებში 2200 ლარს გადააჭარბებს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე ჯარიმების გაუქმებაზე: თუ აკრძალვები აუცილებელი გახდა, ეს ნაკლებად განმეორდება