ბექა ლილუაშვილი – მთის კურორტების განვითარების კუთხით იხარჯება მნიშვნელოვანი რესურსები, რაც გულისხმობს ბაკურიანში, დიდველზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობას და გათოვლიანების სისტემის განვითარებას

გარდა 115 მილიონისა, რომელიც გათვალისწინებულია პირდაპირ ხარჯვით ნაწილში ტურიზმის მხარდაჭერაზე, ბიუჯეტში დევს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, რომელიც განხორციელდება, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბექა ლილუაშვილმა დღეს, პრემიერ-მინისტრისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის კომენტირებისას, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, და კაპიტალური ხარჯების ნაწილში სახელმწიფო 4 მილიარდზე მეტს ხარჯავს და აქ შედის ტურისტულად საინტერესო ადგილმდებარეობები. მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, დაცული ტერიტორიების მიმართულებით ბიუჯეტი ითვალისწინებს 11 მილიონის ხარჯს იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს.

„115 მილიონი, რომელიც დღეს გაჟღერდა, ეს არის პირდაპირი ხარჯები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც მიმართულია ტურიზმის მხარდაჭერაზე, პოპულარიზაციაზე და ეს ფინანსური რესურსი მიემართება ისეთი ღონისძიებების დაფინანსებისთვის, როგორიცაა საიმიჯო კამპანიები, კონკრეტული პოპულარიზაცია და პოზიციონირება პოტენციურ ტურისტულ ბაზრებზე, რასაც ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს. ასევე, ისეთ ღონისძიებებზე, როგორიცაა ტურისტული სამეწარმეო კულტურის განვითარება და მერჯინგი – შეერთება და ეფექტიანობის რესურსის გამოყენება მაგალითად იგივე აწარმოე საქართველოს პროგრამებთან. როდესაც ჩვენ სამეწარმეო ნაწილში ვაფინანსებთ მცირე სასტუმროების ინფრასტრუქტურას სახელმწიფო სუბსიდირებით, ამ ხალხს აუცილებლად სჭირდება გარკვეული ცოდნა და გარკვეული ტრენინგები, იმისთვის, რომ ეფექტიანად მოახდინოს ამ დახმარების კაპიტალიზაცია, ანუ ათვისება სხვა სიტყვებით, რომ თქვათ. შესაბამისად ამ მიმართულებით თანხები იხარჯება მათთვის განათლების, ტრენინგის და კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ასევე, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 115 მილიონის ფარგლებში მთის კურორტების განვითარების კუთხით იხარჯება მნიშვნელოვანი რესურსები, რაც გულისხმობს ბაკურიანში, დიდველზე სამი ახალი საბაგიროს მშენებლობას, ამ საბაგიროების დასრულებას და ბაკურიანში გათოვლიანების სისტემის განვითარებას. გარდა 115 მილიონისა, რომელიც გათვალისწინებულია პირდაპირ ხარჯვით ნაწილში ტურიზმის მხარდაჭერაზე, ბიუჯეტში დევს ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მაგალითად საგზაო და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, რომელიც განხორციელდება. თქვენ იცით, რომ კაპიტალური ხარჯების ნაწილში 4 მილიარდზე მეტს ხარჯავს სახელმწიფო და აქ შედის ისეთი ადგილმდებარეობები, რომელიც ტურისტულად საინტერესოა. ასევე დაცული ტერიტორიების მიმართულებით ბიუჯეტი ითვალისწინებს 11 მილიონის ხარჯს იმისთვის, რომ დაცული ტერიტორიების რაოდენობა გაიზარდოს, რაც დღითიდღე უფრო მეტ ტურისტულ პოტენციალს იძენს. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამები და ეს არის 14 მილიონი, რომელიც დაიხარჯება მთლიანად სასტუმროების კომპონენტის თანადაფინანსებასა და სუბსიდირებაზე“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის წარმომადგენელი ტურიზმის სფეროსთან შეხვედრის შემდეგ – იქ სადაც შესაძლებელია სწრაფად და ეფექტიანად კონკრეტული შედეგების მიღწევა და პრობლემის გადაჭრა მთავრობის მხრიდან, ჩვენ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ
შემდეგი სტატია„ოცნება“ „გავრილოვის პატიმრების“ განთავისუფლებას დათანხმდა?