მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაშინ მივიღებთ, როდესაც გადავწყვეტთ, ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობისა“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიულ დაფინანსებასთან თუ სხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი პოზიცია არსებობს.
„შინაარსზე საუბრისგან როდესაც დაცლილია პოლიტიკური პარტიები, იწყებენ მანდატების ჩახსნით საუბარს. მანდატებთან დაკავშირებით ჩვენ მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც ივანიშვილის „ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით, პირველებმა, სხვათა შორის, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა. ამიტომ საკითხთან დაკავშირებით ამ პოზიციაში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა.
აბსოლუტურად ერთნაირი პოზიციაა ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პარტიული დაფინანსება თუ სხვა ნებისმიერი ტექნიკური საკითხი. ჩვენ უარს ვამბობთ, რა თქმა უნდა. ინდივიდუალურად ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ეს ტექნიკური საკითხია, ინდივიდუალურად უნდა მიმართო, თორემ პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავს ამ ტექნიკურ ნაწილს. ამაზე გითხარით, რომ ეს არც „ნაცების“ გადასაწყვეტია და მით უმეტეს, არ მივცემთ შესაძლებლობას ივანიშვილის „ოცნებას“ რამე გავლენის ბერკეტი ჰქონდეს ჩვენზე. ამიტომ როდესაც გადავწყვეტთ და რა ფორმითაც გადავწყვეტთ, ისე გავაკეთებთ“, – აღნიშნა ლილუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტში სიარულზე უარის თქმა და სიების არჩახსნა, ხომ არ ნიშნავს ბოიკოტს, ლილუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარტიის პოლიტიკურ ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული.
,,ჩვენს პოლიტიკურ ტაქტიკაზე იქნება დამოკიდებული. ბოიკოტი კიდევ სხვა ტექნიკური პროცედურაა, რომელსაც თავისი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ეს სხვა, ბევრად უფრო მძიმე პოლიტიკური წონის გადაწყვეტილებაა, როდესაც პარლამენტს არ აღიარებ და არ აძლევ ლეგიტიმაციას და არ ხარ პარლამენტში წარმოდგენილი. ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ბოიკოტის დაწერაზე ან სხვა რაიმე ფორმით კიდევ პროტესტის დაფიქსირებაზე, ეს ჩვენი არსენალის ნაწილია და ამას როდის და რა ფორმით გავაკეთებთ, ჩვენი პოლიტიკური ტაქტიკის და სტრატეგიის ნაწილია“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ხელფასის აღებაზეც გააკეთა კომენტარი და ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ხელფასს არ აიღებენ.„
„ამასთან დაკავშირებითაც როდესაც დრო მოვა, გვექნება პოზიცია. ერთი რამ არ დაავიწყდეს არავის ამ ხელფასებზე, ზოგადად სახელმწიფო ბიუჯეტის პატრონი ივანიშვილი კი არ არის, ან „ქართული ოცნება“, საქართველოს მოქალაქეები არიან. ჩვენ როგორც დაფინანსებაზე, ისე ხელფასებზე ერთიანი პოზიცია გვექნება და ამაზე ვისაუბრებთ, როდესაც ამის დრო მოვა“, – განაცხადა ლილუაშვილმა.