ბექა ლილუაშვილი : ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს იმიტომ, რომ ეს არის წინაპირობა დასაქმების ზრდის

მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას და თავისუფალი ვაჭრობის მსგავსი მასშტაბებით არსებობა ქვეყნისთვის და კიდევ უფრო განვითარებაზე ზრუნვა, ეს არის ამ პოლიტიკის ერთ-ერთი გამოვლინება – ამის შესახებ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა, შესაბამისად ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ ინვესტიციებს რომელსაც ახორციელებს ადგილობრივი თუ უცხოური კომპანია იმიტომ , რომ ეს არის წინაპირობა დასაქმების ზრდის, დასაქმების ზრდა კი არის ჩვენი სოციალური კეთილდღეობის ფუნდამენტური ფაქტორი. მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმი, სადაც მოწვეულნი იყვნენ 2000-ზე მეტი დელეგატი სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ მათთან კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების სარგებლიანობის საკითხი და მნიშვნელობა საინვესტიციო გარემოსთვის და ვაჭრობის პანელზე ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც კითხვა დავსვით რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის შეთანხმებები ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის და აბსოლუტურმა უმრავლესობამ 95%-მა დაგვიდასტურა, რომ ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით ქართული ბიზნესისთვის მოტანილ სარგებელს, ლილუაშვილი აცხადებს, რომ თავისუფალი სავაჭრო სივრცე ქართულ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტულ ბაზარზე სარეალიზაციო წვდომა ჰქონდეს.

„მაგალითად ავიღოთ ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმება, ეს 2018 წლის პირველ იანვრიდან ამოქმედდა და ჩვენ უკვე დღეს გვაქვს კონკრეტული შედეგები ამ მიმართულებით, თუ არ ჩავთვლით ღვინოს სადაც სერიოზული პროგრესი გვაქვს, მაგალითად 60 ღვინის მწარმოებელი უკვე წარმოდგენილია ჩინეთის ბაზარზე და მესამე საექსპორტო ქვეყანაა ჩინეთი ღვინის კონტექსტში, გარდა ამისა, საქართველოში წარმოებული 30-მდე სხვა, ჩინეთის ბაზრისთვის აბსოლუტურად ახალი პროდუქტი გაჩნდა ჩინეთის სხვადსხვა მაღაზიებში, სავაჭრო ცენტრებში და ა.შ. ხშირად პოლიტიკური ოპონენტები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, რომ ის არის ზედმეტად პრობიზნესული ეს არის აბსოლუტურად გადაჭარბებული და არასწორი აღქმა. სახელმწიფოსთვის ძლიერი ბიზნესსექტორი ეს არის ინსტრუმენტი,, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ის სოციალური პასუხისმგებლობა, რაც მას საქართველოს მოქალაქეებმა დააკისრეს“, – აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

რაც შეეხება ევროკავშირის ბაზარს, ბექა ლილუაშვილის თქმით, ევროკავშირის ბაზრის მთავარი მოთხოვნა მაღალი ხარისხია და ქვეყანამ სწრაფად უნდა მოახდინოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ინსტიტუციონალური განვითარების და შესაბამის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.

„ეს უბრალოდ სიტყვები არ არის, ეს არის კონკრეტული ეკონომიკური შინაარსის მატარებელი პროცესი, რაც ნიშნავს იმას, რომ იმისთვის, რომ დაჩქარდეს ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში იწარმოებოდეს შესაბამისი მაღალი ხარისხის პროდუქცია და ამისთვის უნდა შეიქმნას შესაბამისი ინსტიტუციები. მაგალითად, ლაბორატორიები, რომლებიც შეამოწმებენ სხვადასხვა პროდუქციის ხარისხს სტანდარტების წარმოების ნაწილში. მაგალითად, უნდა არსებობდეს გარკვეული გარანტიები საექსპორტო რისკთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, ჩვენ ავამოქმედეთ საექსპორტო საგარანტიო სქემა, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება ბიზნესს და გარკვეულ საექსპორტო რისკებს თავის თავზე იღებს იმისთვის, რომ მისცეს სტიმული კონკრეტულ მწარმოებლებს, რომ სწრაფად მოახდინონ ასოცირების ხელშეკრულების მონეტიზაცია და ამით დასაქმების ზრდა. საბოლოო მიზანი სახელმწიფოსთვის ეს არის. შესაბამისად, ევროკავშირის ბაზარზე მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად, თუმცა დაბალანსებულად მოვახდინოთ ამ აპროქსიმაციის პროცესი და ის ყველა რეგულაცია, რომელიც მიმართულია ბაზრის კონიუქტურის დაახლოებისკენ, გავაკეთოთ მაქსიმალურად დაბალანსებულად და სწორად“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება ჩინეთის ბაზარს, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ჩინეთის ბაზარი არის სპეციფიკური და ქართულ ბიზნესს ამ ბაზარზე ოპერირების სამეწარმეო გამოცდილება არ აქვს, შესაბამისად, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს მეწარმეებს.

„ეს ხელშეწყობა იწყება ისეთი გლობალური საკითხებიდან, როგორიც არის, მაგალითად, ლოგისტიკური საკითხები, რადგან ჩინეთთან ლოგისტიკური კავშირი ეს არის ფუნდამენტური საკითხი იმისთვის, რომ განვითარდეს და გამოვიყენოთ ეს ხელშეკრულება. შესაბამისად, მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის რამდენიმე სატრანსპორტო ინიციატივის და კორიდორის აქტიური წევრი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ერთ-ერთი საკითხი, მაგალითად, „აბრეშუმის გზის ფორუმზე” იყო სწორედ ეს. ამ მიმართულებით ვვითარდებით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება თურქეთს, ლილუაშვილის თქმით, თურქეთი არის სხვებთან შედარებით ყველაზე მარტივი, ტრადიციული ბაზარი, რადგან ქვეყანას აქვს ამ ბაზარზე ოპერირების დიდი გამოცდილება, შესაბამისად, სამომავლოდ თავისუფალი ხელშეკრულების ჩარჩო კიდევ უფრო გაფართოვდება.

„თურქეთი არის ყველაზე მარტივი, ტრადიციული ბაზარი სხვებთან შედარებით იმ თვალსაზრისით, რომ გვაქვს დიდი გამოცდილება ამ ბაზარზე ოპერირების და ამ თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ უფრო ვაფართოებთ თავისუფალი ხელშეკრულების ჩარჩოს. ძალიან ეფექტიანი იყო პრემეირ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში და ამ ვიზიტის შემდეგ დაიწყო პროცესები იმისთვის, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შემდეგ, ანუ განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს იმას, რომ ქართველმა მეწარმეებმა შეძლონ თურქეთის ბაზარზე პოზიციონირება“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ტაბულას” ჟურნალისტს, ცისია კირვალიძეს, აქციის გაშუქებისას თავს დაესხნენ
შემდეგი სტატია“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ჩვენი მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”