ალეკო ელისაშვილის მეუღლემ, ირინა კილოსანიძემ ტელეკომპანია „TV პირველთან“ ინტერვიუში სასამართლოს მიერ გამოტანილი 13-წლიანი პატიმრობა შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ოჯახისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მკაცრ განაჩენს თავად პოლიტიკოსიც ელოდა.
“რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი გვქონდა. ალექსანდრეც იქიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, რომ “არ ინერვულოთ, განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი”. ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუსჯიდნენ და ახდა მისი მოლოდინიც.
რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად და დანარჩენი, მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ ვუყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი, ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები. უბრალოდ, დღეს მათ, ფაქსით მოუვიდათ “ქართული ოცნებისგან” იმეილი თუ წერილი, თუ როგორც არის, რომ ეს განაჩენი უნდა გამოაცხადოს გიორგი გელაშვილმა და მან “ქართული ოცნების” დავალება შეასრულა და განაჩენიც გამოაცხადა.
რამდენადაც ვიცი, ქვეყნის შიგნით ყველა ინსტანციას გაივლიან ადვოკატები და… ალექსანდრე არის კარგად, ალექსანდრემ შეგნებულად გააკეთა ის, რაც გააკეთა. მან გამოხატა პროტესტი, ის მზად იყო ამისთვის.
ესე იგი, 11 სექტემბერიც ტერორიზმი იყო, ეს რაღაცა ორი ქილა ბენზინის მისხმა მეტლახის იატაკზეც ტერორიზმია. გვახსოვს, რომ 11 სექტემბერს ჯერ ნგრევა მოჰყვა, მერე 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ანუ ალექსანდრეს ქმედება ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს და რავიცი, სასაცილოა ეს ყველაფერი.
მთავარია, რომ ალექსანდრე არის ძალიან კარგად, ერთი წიგნი უკვე დაწერა. ახლა ამუშვებს მეორე წიგნის იდეას. მხნედ არის, ოპტიმისტურად, – ამბობს ელისაშვილის მეუღლე, ირინა კილოსანიძე.














