ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განცხადება ისრაელის პრემიერის ოფისმა გაავრცელა.

ასევე, ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა ბენიამინ ნეთანიაჰუმაც და თქვა, რომ მასსა და თავდაცვის მინისტრს შორის “ნდობა გაიბზარა”.

“სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პირველ თვეებში არსებობდა ნდობა და იყო ნაყოფიერი მუშაობა, ბოლო თვეებში ჩემსა და თავდაცვის მინისტრს შორის ამ ნდობაში ბზარი გაჩნდა”, – თქვა მან.

ცნობილია, რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი კი გიდეონ საარი გახდება.

მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა, ათიათასობით ადამიანი ისრაელის მასშტაბით საპროტესტო აქციას მართავს.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დემონსტრაციებია თელ ავივში, ჰაიფაში, ნეთანიასა და ბეფშებაში. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იოავ გალანტის თანამდებობიდან გადაყენების გამო.

banner
წინა სტატიაშიოლიგარქი ივანიშვილის 2020 წლის აუდიოჩანაწერი კობახიძესთან, თალაკვაძესთან და ნაცვლიშვილთან, რომელიც “მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა
შემდეგი სტატიარუსებმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების დატყვევებული ჯარისკაცები დახვრიტეს – Unian